კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა

თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის მესამე ვადით კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა. 20 კანდიდატიდან ხუთი ქალია, ორი - სპორტსმენი, შვიდი უკვე ყოფილა საკრებულოს დეპუტატი.

"პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანები", - ასე დაახასიათა კალაძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები. 20-კაციანი სია, რომელიც მან დღეს "ქართული ოცნების" ოფისში წარადგინა, ასე გამოიყურება:

  • შალვა სუთიაშვილი - მორაგბე, ეროვნული ნაკრების კაპიტანი. კალაძემ წარდგენისას ხაზი გაუსვა იმას, რომ არის ოთხი შვილის მამა, რომელმაც საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მიიღო;
  • თინათინ ნიბლოშვილი - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
  • ბექა დავითულიანი - პარლამენტის ყოფილი წევრი, საკრებულოს ყოფილი წევრი, განათლების მინისტრის მოქმედი მოადგილე;
  • გურამ ნიკოლაშვილი - ისტორიკოსი და საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი;
  • ნიკოლოზ კახეთელიძე - საკრებულოს წევრი 2021 წლიდან;
  • ნინო ვარდოსანიძე - საკრებულოს წევრი 2021 წლიდან, აქვს საქართველოს პარლამენტში მუშაობის გამოცდილებაც;
  • ავთანდილ ცინცაძე - მსოფლიო ჩემპიონი სამბოში, საკრებულოს წევრი 2021 წლიდან;
  • კონსტანტინე ზარნაძე - თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გლდანიდან;
  • ბექა ოდიშარია - ყოფილი პარლამენტარი;
  • ოთარ ჩრდილელი - ყოფილი პარლამენტარი;
  • გიორგი ხუროძე - ფინანსისტი;
  • კახა ბერაძე - ეკონომისტი;
  • ლევან არველაძე - საკრებულოს დეპუტატი;
  • ლევან აბაშიძე - განათლების სამინისტროში მანდატურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აპარატის უფროსი, თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი;
  • ალექსანდრე მუკათარიძე - "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
  • ნოდარ ბოკერია - საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი გაეროში;
  • მარიამ გრიგოლიშვილი - პარლამენტში "ქართული ოცნების" ფრაქციის აპარატის თანამშრომელი;
  • ლუკა ძაძამია - სამართალმცოდნე;
  • ქეთევან ჭავჭანიძე - ჟურნალისტი, პოეტი, ლექსების კრებულის ავტორი, ჩუღურეთის რაიონში "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე.
  • ლალი კოლომიკოვი - ფილოლოგი, საჯარო მმართველობის მაგისტრი.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

ასევე ნახეთ "ძირძველი საბურთალოელია" - ვინ არიან კალაძის წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები?