საფრანგეთის ქალაქ ტულონში გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად 29 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა რუსეთის ხელისუფლების მოსაზრებას - რომ მაკრონმა სახელმწიფოს მეთაურისთვის შეუფერებლად ილაპარაკა, როცა ახლახან გამოქვეყნებულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, უწოდა "კაციჭამია [ევროპის] კარიბჭესთან".
"ამგვარ აღწერას უარვყოფ. მე არასოდეს ვარ უხეში ან ვულგარული. მაგრამ როცა ვამბობთ, რომ ევროპის კარიბჭესთან კაციჭამიაა, ესაა სურათი, რომელსაც ბევრი იზიარებს - ვფიქრობ, ეს აღწერს, რას გრძნობენ მკაფიოდ ქართველები, უკრაინელები და ბევრი სხვა ხალხი. ანუ კაცი, რომელმაც გადაწყვიტა იმოძრაოს ავტორიტარული, ავტოკრატიული მიმართულებით და უხელმძღვანელოს საერთაშორისო საზღვრების რევიზიონისტულ იმპერიალიზმს", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონის თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ბოლო ხანებში განხორციელებული დარტყმები - მათ შორის 28 აგვისტოს მიტანილი იერიში, რომელსაც, სულ მცირე, 23 ადამიანი ემსხვერპლა - აჩვენებს განსხვავებას პუტინის მხრიდან მოლაპარაკებებზე დაკავებულ პოზიციებსა და ადგილზე არსებულ რეალობას შორის.
მაკრონის თქმით, თუ პუტინი 1 სექტემბრამდე არ დათანხმდება შეხვედრის გამართვას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ეს ნიშნავს, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააცურა - რაც, მაკრონის აზრით, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
ზელენსკი 29 აგვისტოს გამოვიდა შეხსენებით, რომ ბოლო ვადა, რომელიც ტრამპმა რუსეთს შეთანხმების მიღწევისთვის მისცა, არის ორშაბათი, 1 სექტემბერი.
ასევე ნახეთ ომს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები ვერ შეაჩერებს - ზელენსკი მოსკოვისთვის სანქციებს ითხოვსგერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში თქვა, რომ გერმანია რუსეთთან კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება. მერცის თქმით, მოსკოვი ახორციელებს ოპერაციებს, რომელთა მიზანია გერმანიის დიდი ნაწილის დესტაბილიზაცია და სოციალური ქსელების მეშვეობით ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში.
მანამდე მერცი აცხადებდა, რომ ვლადიმირ პუტინი არ ავლენს მზაობას, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი. კანცლერი ასევე ლაპარაკობს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების შესახებ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ გერმანიის საქმეებში მოსკოვის ჩარევის შესახებ მერცის სიტყვებს "უკვე ფსიქიატრების საქმე" უწოდა - იუწყება სააგენტო TASS-ი.
ასევე ნახეთ რუსეთი კვლავ უკრაინის "დემილიტარიზაციას" და "დენაციფიკაციას" მოითხოვს