ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აღნიშნავენ რუსეთის მიერ მათი "დამოუკიდებლობის" აღიარების დღეს.
17 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს, აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებებს "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ". კერძოდ, „ოსი და აფხაზი ხალხების ნების თავისუფალი გამოხატვის“, გაეროს წესდებისა და „სხვა ფუნდამენტური საერთაშორისო დოკუმენტების“ გათვალისწინებით.
მედვედევმა, რომელიც ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს, ბადრა გუნბას, ეს დღე მიულოცა და განაცხადა, რომ „რუსეთის ისტორიულმა არჩევანმა, მხარი დაეჭირა მოძმე ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის, მყარი საფუძველი ჩაუყარა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას“.
მედვედევმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს, ალან გაგლოევსაც, მიულოცა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებამ, რომელიც რუსულმა მხარემ 2008 წლის 26 აგვისტოს მიიღო, „დაადასტურა სამხრეთ ოსეთის ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უფლება და გახდა მათი მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის მშენებლობის საყრდენი წერტილი“.
ცხინვალში დღეს სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის კულტურული: გამოფენები, ხელოვნების ნიმუშების ბაზრობა, საზოგადოების წარმომადგენლების საზეიმო შეხვედრა და სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „სიმდის“ კონცერტი.
სოხუმში კი „აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების დღეს“ დაგეგმილია ყვავილებით შემკობის ცერემონია "1992-1993 წლების ომში დაღუპულთა მემორიალთან", "პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას", მემორიალთან და "მეორე პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის" საფლავთან. დღევე გაიხსნება ფაზილ ისკანდერის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მუზეუმი, ხოლო საღამოს სადღესასწაულო კონცერტი გაიმართება აფხაზეთის დრამატული თეატრის წინ მდებარე მოედანზე.
- საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. მათ დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ. ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარება გააუქმეს.
- ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი აღიარებენ ერთმანეთის "დამოუკიდებლობას", მათ "დამოუკიდებლობას" ცნობს მოლდოვის არაღიარებული რესპუბლიკა დნესტრისპირეთი. არსებობა შეწყვიტა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ, რომელიც ასევე აღიარებდა საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას.