კონსტიტუციის დღეს კობახიძემ ელჩები „კონსტიტუციის შეურაცხყოფის" განზრახვაში დაადანაშაულა

19 აპრილის შეთანხმებაზე მუშაობა თვეების განმავლობაში, აშშ-ისა და ევროკავშირის ჩართულობით მიმდინარეობდა. ფასილიტაციის პროცესს ევროკავშირის ევროპული საბჭოს მაშინდელი პრეზიდენტი - შარლ მიშელი უძღვებოდა.

მოკლედ

  • 24 აგვისტოს საქართველოში აღინიშნება კონსტიტუციის დღე, რომელიც 1995 წელს მიიღეს.
  • 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, რაც კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევად შეფასდა.
  • ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება გაიხსენა და ამ კონტექსტში საერთაშორისო პარტნიორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები „კონსტიტუციის შეურაცხყოფის“განზრახვაში დაადანაშაულა.
24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. 1995 წლის ამ დღეს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა ე.წ. იმელის შენობაში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია.

ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ათონელის რეზიდენციაში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები: სადავო არჩევნების შედეგად შეკრებილი პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები, ამ პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქები.

ასევე ნახეთ კონსტიტუციის ისტორია


თავდაპირველად დამსწრეებს სიტყვით სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მიმართა.

2024 წლის პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევის საკითხი საკონსტიტუციო დავის საგანი გახდა. კანონის თანახმად, პირველ სხდომას პრეზიდენტი იწვევს, რაზეც მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა. ამას გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელი იყო წარდგენილი არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. მიზეზი საარჩევნო უბნებზე გამოვლენილი დარღვევები და სავარაუდო გაყალბების შემთხვევები გახდა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა თქვეს, რომ 2024 წლის არჩევნები „გაყალბდა“, შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ამ არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაცია და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

სალომე ზურაბიშვილმა და პარლამენტის 30-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს არჩევნების ფარულობისა და საყოველთაო, თავისუფალი არჩევნების უფლების დარღვევის გამო.

პარლამენტი მაინც შეიკრიბა და მისი ლეგიტიმაცია ცნეს სხდომაზე, რომელშიც მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები მონაწილეობდნენ. მოგვიანებით, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და არ გაიზიარა სალომე ზურაბიშვილის, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი. მისი დასკვნით, 2024 წლის არჩევნებზე არც ფარულობა დარღვეულა და არც თავისუფალი არჩევნების უფლება.

აქედან 6 თვეში „ქართული ოცნება“ პარლამენტის პირველი სხდომის გამართვაში პრეზიდენტის როლს შეამცირებს.

ასევე ნახეთ გზა ხმოსნებამდე და ყაველაშვილამდე - საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების ისტორია

რა თქვა მიხეილ ყაველაშვილმა?

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მიღებით თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დაფუძნების პროცესში უმთავრესი ნაბიჯი გადაიდგა. ის ფიქრობს, რომ ხალხის სურვილს, იცხოვროს დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში, უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და ასევე „ქართული ოცნების“ მიზანს - „განამტკიცოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, გარკვეული ძალები ეწინააღმდეგებიან".

„კარგად გვახსოვს, რომ ბოლო წლებში, გამძაფრებული ზეწოლის ფონზე, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, უამრავი უსამართლო, საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი მოთხოვნა გაჩნდა [არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს - რადიო თავისუფლება] აღნიშნული ზეწოლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი სწორედ ჩვენი კონსტიტუცია და მასში ასახული ნორმები გახდა, რომელიც ჩანასახშივე გამორიცხავდა სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი უსამართლო მოთხოვნის შესრულებას!" - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა, მადლობა გადაუხადა სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის მიერ არჩეულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და მას ტრიბუნა დაუთმო.

ასევე ნახეთ "გაუძლებს დროს" - "ოცნებამ" კონსტიტუცია ძირეულად შეცვალა და ისევ გეგმავს

რა თქვა ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის დღეს?

ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლის დიდი ნაწილი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობის შესახებ საუბარს დაეთმო, რაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გზავნილების მთავარი ხაზია, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, ე.წ. აგენტების კანონის პირველად ინიციირებიდან დღემდე.

მისი მტკიცებით, გასული 7 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ამოქმედდა კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია, ქართულ ოცნებას ჩანაწერები მასში საკუთარ თავზე არ მოურგია, თუმცა „გავიხსენებ იმასაც, რომ ჩვენს ოპონენტებს ამ წლების განმავლობაში ჰქონდათ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების არაერთი მცდელობა".

მან სიტყვით გამოსვლისას შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება გაიხსენა და ამ კონტექსტში საერთაშორისო პარტნიორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები „კონსტიტუციის შეურაცხყოფის“განზრახვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კონსტიტუციაში შესწორების შეტანა იყო, რაც „ძალიან რთულ პროცედურასთანაა" დაკავშირებული - საყოველთაო-სახალხო განხილვა, საზოგადოების ჩართულობა, მაღალი კვორუმი.

„ასეთ პირობებში ჩვენთვის მიუღებელი იყო პოლიტიკურ შეთანხმებაში კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ჩანაწერის შეტანა. ეს განვუმარტეთ კონკრეტულ ოპონენტებს, თუმცა მათგან მივიღეთ უხეში პასუხი. მაშინდელი ამერიკის და ევროკავშირის ელჩების მხრიდან ამაზე მივიღეთ ძალიან უხეში პასუხი. მაშინ ძალიან კარგად გავიაზრეთ, რომ მათთვის კონსტიტუციის შეურაცხყოფა იყო მიზანი, როგორც ასეთი. მადლობა ღმერთს, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არავის მივეცით ამ 7 წლის განმავლობაში კონსტიტუციის შეურაცხყოფის საშუალება. ეს, რა თქმა უნდა, ასე უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეები, რომელიც გასული წლის 28 ნოემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება, ქართული ოცნების ხელისუფლებას სწორედ კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.

2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს აჩერებს. მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილის, კონსტიტუციონალისტებისა და ოპონენტების შეფასებით ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციაში მათივე ჩაწერილი 78-ე მუხლი, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის ყველა ზომის მიღებას ავალებს.