მიმართვა ჯანდაცვის მინისტრს: გადასარჩენია 18 წლის შშმ ბიჭი, რომლის მიღებაზე საავადმყოფოები უარს ამბობდნენ

18 წლის შშმ ბიჭი ანზორ (გიო) დავითური, რომელიც 21 აგვისტოს თბილისის სამმა საავადმყოფომ არ მიიღო, ამჟამად „ჯეო ჰოსპიტალსში“ მართვით სუნთქვაზეა და სიცოცხლისათვის იბრძვის.

როგორც პაციენტის დედა, მაია ბარათაშვილი ამბობს, ღამის განმავლობაში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

„ყველას მივმართავ თხოვნით, გადამირჩინეთ შვილი. შვილის სიცოცხლეს ვითხოვ, სხვას არაფერს. გადამირჩინეთ, თურქეთში იქნება ეს თუ საქართველოში. სადაც შეიძლება რომ გადავარჩინოთ. გთხოვთ დამეხმაროთ. მეტს არაფერს არ ვითხოვ ამ ეტაპზე“, - ამბობს მაია ბარათაშვილი 23 აგვისტოს სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

თამუნა იარაჯული, ასევე შშმ ბავშვის მშობელი და შშმ პირთა უფლებების დამცველი ამბობს, რომ გიორგის გადასარჩენად სწრაფად მოქმედებაა საჭირო:

„მივმართავთ მიხეილ სარჯველაძეს (ჯანდაცვის მინისტრი) მოვიდეს კლინიკაში, სასწრაფოდ დაიგეგმოს თუ შესაძლებელია აქ საუკეთესო რეანიმაციაში გადაყვანა ან თურქეთში რეანიმობილით. გიორგი ებრძვის სიცოცხლეს, მომაკვდავი პაციენტია. ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ვერ შველიან ასეთ მძიმე პაციენტებს. გადასარჩენია 18 წლის შშმ პირი, რომელიც დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო იმყოფება სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე. ეს კლინიკა არ არის შესაბამისი ასეთი მძიმე პაციენტებისთვის, ამიტომ დროულად მოგვაქციეთ ყურადღება. გიორგი უნდა გადარჩეს, არავის არ შევარჩენთ გულგრილობას და დანაშაულს“.

ანზორ დავითურს, რომელსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობა და ვერ ლაპარაკობს, ასევე დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, დაახლოებით ერთი კვირის წინ დაეწყო ტკივილები.

ბიჭს რომ რაღაც აწუხებდა, ამას დედა, მაია ბარათაშვილი შვილის შეცვლილი ქცევით მიხვდა. რადგან საკვების და წყლის მიცემის შემდეგ უფრო მძაფრად რეაგირებდა, ხელი კი თავთან მიჰქონდა, დედამ ჩათვალა, რომ შესაძლოა, ბიჭს კბილი, ყური ან თავი სტკიოდა და მისი საავადმყოფოში წაყვანა გადაწყვიტა.

„ბიჭი ძალიან გაღიზიანებული იყო, უწყვეტად ტიროდა. თავიდან ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში მივედით. იქიდან მაშინვე უარით გამომაბრუნეს, ადგილები არ გვაქვსო. როცა ექიმებს ბავშვის მდგომარეობა ავუხსენი, მითხრეს, აქ არც ყელ-ყურის ექიმი გვყავსო, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ბავშვი რომ ასეთ მდგომარეობაში ნახეს, თავი აარიდეს მის მიღებას“, - ამბობს მაია ბარათაშვილი.

ასევე ნახეთ "ჩვენ ვერ ვუშველით" - რა მოჰყვა შშმ ბიჭის მიღებაზე საავადმყოფოების უარს

დედამ კლინიკის ეზოშივე გამოიძახა სასწრაფო დახმარება. ბიჭს დასამშვიდებლად „დიაზეპამის“ ნემსი გაუკეთეს და საავადმყოფოებში დაიწყეს რეკვა. ყველა კლინიკიდან უარი იყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბიჭი ისევ ყვიროდა, ტიროდა და თავის დაზიანების მცდელობები ჰქონდა.: „ძლივს ვაჩერებდით, ამტვრევდა მანქანას“. დიდი წვალების შემდეგ გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. თუმცა, იქაც, ექიმს ორიოდე წუთი დასჭირდა პაციენტის მიღებაზე უარის სათქმელად. ეტლში ჩასმული ბიჭი და დედამისი ისევ უკან გააბრუნეს და უთხრეს, აქ ჩვენ ვერაფერს ვუშველითო.

„სასწრაფოს ექიმს ეუბნებოდნენ, აქ საერთოდ რატომ მოიყვანეთო. მე კი მეკითხებოდნენ, საიდან იცით, რომ რამე სტკივაო. როცა ვუთხარი რას და რატომ ვვარაუდობდი, მითხრეს, ამას „ემერტე“ [მაგნიტორეზონანსული კვლევა] სჭირდება, ჩვენ არ გვაქვს და ვერ გავუკეთებთო“.

საბოლოოდ პატრულის ჩარევის შემდეგ დედა-შვილი „ჯეო ჰოსპიტალსში“ აღმოჩნდა. თუმცა არც იქ მოხვედრა აღმოჩნდა მარტივი. მაია გვიყვება, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში გარეთ იდგნენ. საავადმყოფო პაციენტს ვერ იღებდა და სასწრაფოს ექიმს, რომელიც მათ ახლდათ, ეუბნებოდა, რომ ბიჭს სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ გაუწევდნენ, რომ აუცილებელი იყო ფსიქიატრის კონსულტაცია.