”თევზის ამოსვლის დღე“ (1967, დიდი ბრიტანეთი, რეჟისორი მიხალის კოკოიანისი)
ამ ზაფხულს ერთი უცნაური დამთხვევა მოხდა. 31 ივლისს, როცა კინემატოგრაფიული სამყარო თავისუფლებისადმი მიძღვნილი მუსიკალური ბალადების ავტორის, ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ მებრძოლი ბერძენი კომპოზიტორის, მიკის თეოდორაკისის დაბადების 100 წლისთავს აღნიშნავდა, რუსეთის კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ აპირებს დაიქირაოს „სპეციალისტები“, რომლებმაც 2026 წლის 1 იანვრამდე უნდა გადახედონ საბჭოთა და მსოფლიო კინოკლასიკას, იმ ფილმებს, რომლებიც სხვადასხვა დროს გადიოდა კინოთეატრებში და თუკი მათში რაიმე უზნეო აღმოაჩინეს, დააფიქსირონ საგანგებოდ შედგენილ ანკეტაში.
რუსეთში ამბობენ, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან ასობით ფილმის დაცენზურებაა მოსალოდნელი. ერთ-ერთი, სავარაუდოდ, იქნება ბერძენი რეჟისორის, მიხალის კაკოიანისის ფილმი „თევზის ამოსვლის დღე“, რომელიც დასავლეთში თავიდანვე შეაფასეს, როგორც „ჰომოეროტიკული სატირა“, „გეიარტი სექსის გარეშე“, მაგრამ ეს კომიკური ინტერმედია მაინც მოხვდა საბჭოთა ეკრანებზე. არა იმდენად ანტიმილიტარისტული პათოსის გამო (ნატოს თვითმფრინავის პილოტი აქ შეცდომას დაუშვებს, რის გამოც ორი ატომური ბომბი საბერძნეთის მიყრუებულ კუნძულთან ჩამოვარდება), რამდენადაც უფრო... ფილმის კომპოზიტორის დამსახურებით. 1967 წელს მოსკოვმა მიკის თეოდორაკისი ლენინური კომკავშირის პრემიით დააჯილდოვა. „საბჭოთა ხალხის მეგობრის“ შემოქმედების პროპაგანდისთვის აუცილებელი გახდა, მაყურებელი დარწმუნებულიყო, რომ „სირტაკის“ ავტორი, კომპოზიტორი ყველა დროის ბერძნული ფილმისა „ბერძენი ზორბა“, კვლავაც უპირისპირდება კაპიტალიზმს.
ასე შეირჩა კაკოიანისის „თევზი“, რომელიც, რა თქმა უნდა, ვერ უახლოვდება „ბერძენი ზორბას“ დონეს კინემატოგრაფიული თვალსაზრისით, მაგრამ თეოდორაკისის მუსიკა აქაც ისეთივე შესანიშნავია, როგორც „ზორბაში“, როგორც კოსტა გავრასის ფილმებში, როგორც სიდნეი ლიუმეტის „სერპიკოში“.
სხვათა შორის, „თევზის ამოსვლის დღე“ პირველად არა საბჭოთა კავშირში, არამედ თეოდორაკისის სამშობლოში დაცენზურდა. ფილმის დასრულება დაემთხვა სამხედრო გადატრიალებას საბერძნეთში. თეოდორაკისი, როგორც საბერძნეთის მემარცხენე-დემოკრატიული პარტიის წევრი და პარლამენტის დეპუტატი, დააპატიმრეს და გაათავისუფლეს მხოლოდ 1970 წელს, მსოფლიო მუსიკალური და კინემატოგრაფიული საზოგადოების მოთხოვნით. პეტიციას მაშინ ხელი მოაწერეს იგორ სტრავინსკიმ, დიმიტრი შოსტაკოვიჩმა, არტურ მილერმა, ჰარი ბელაფონტემ... “შავი პოლკოვნიკების“ ეპოქის დასრულების შემდეგ „სირტაკის“ ავტორი სამშობლოში ნამდვილ ეროვნულ გმირად აღიარეს. იგი 96 წლის ასაკშიც კი ახალ ფილმზე მუშაობდა (კომპოზიტორი 2021 წელს გარდაიცვალა).
მიკის თეოდორაკისის შემოქმედება უაღრესად მდიდარი და მრავალფეროვანია. მაგრამ რომელ ჟანრშიც არ უნდა ემუშავა, ოპერა იქნებოდა ეს, სიმფონია, ბალეტი თუ უბრალოდ სიმღერა, ბერძენ კომპოზიტორს თავისი შემოქმედებითი პრინციპისთვის არასდროს უღალატია - იგი დარწმუნებული იყო, რომ მუსიკა და პოლიტიკა განუყოფელია. ვფიქრობ, ამიტომაც სძულდათ თეოდოროკისი ავტორიტარ მმართველებს და პოპულისტებს, ამიტომაც უყვარდა ხალხს - თეოდორაკისის მუსიკა პირდაპირი მნიშვნელობით იძლეოდა ენერგიას თავისუფლებისთვის ბრძოლაში. შესაძლებელია იმიტომაც, რომ შთაგონებული იყო უძველესი „მუსიკალური არქეტიპებით“, ხალხური მუსიკალური მოტივებით, თუმცა არასდროს გადაიზრდებოდა მექანიკურ ციტირებაში.
ამ თვალსაზრისით ნამდვილი შედევრია „ბერძენი ზორბასთვის“ დაწერილი მუსიკა. იშვიათია კულტურის ისტორიაში ორიგინალური ნაწარმოები ისე აიტაცონ, რომ ხალხურად მონათლონ და ქვეყნის თავისებურ „ბრენდად“ აქციონ. თეოდორაკისმა შექმნა სირტაკი, როგორც „ხალხური ცეკვა“. თანაც, სრულიად შემთხვევით. გადაღების დროს ალექსის როლის შემსრულებელმა ენტონი ქუინმა ფეხი დაიზიანა. ამიტომაც გაუჭირდა იმ სცენაში თამაში, რომელშიც ზორბა ცეკვით ცდილობს თავისი ახალგაზრდა მეგობრის გამხნევებას. თაბაშირი როდესაც მოიხსნა, ქუინი მიხვდა, რომ შეძლებდა ცეკვას, როგორც თავად ამბობდა, „გაწელილი ნაბიჯით“, ფეხის მსუბუქი გადათრევით ისე, თითქოს ქვიშაზე რაღაცას ხატავდა. აქ ჩაერთო თეოდორაკისის ფანტაზიაც, ბერძნული ცეკვის, „სირტოსის“ რიტმის კარგი ცოდნაც და ბოლოს დაიბადა ახალი ცეკვა, „სირტაკი“.
მიკის თეოდორაკისმა არაერთ დიდ რეჟისორთან იმუშავა, თუმცა კაკოიანისი მაინც განსაკუთრებით უყვარდა. ვიღაცამ იხუმრა, თუკი ნიცშე წერდა წიგნს, „ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან“, მიკის თეოდორაკისმა მუსიკა ბერძნულ ტრაგედიაში აღმოაჩინაო. კაკოიანისთან ერთად კომპოზიტორმა ყველაზე ცნობილი ბერძნული ტრაგედიების ინტერპრეტაციას მიმართა. თუმცა დრო და დრო ექსპერიმენტებსაც არ ერიდებოდა. ამ მხრივ „თევზის ამოსვლის დღე“ სრულიად უნიკალური ფილმია. მუსიკა და გამოსახულება (ფერი, კოსტიუმები, გარემოს დიზაინი) აქ ქმნის იმ ირონიას, რომელიც აუცილებელია ფილმში გათამაშებული ფანტასტიკური ისტორიის შესაფასებლად... თუმცა ფინალისკენ ეს ირონიული ინტონაცია თანდათან სერიოზულ დრამაში გადაიზრდება. კონტრასტი, რომელიც იქმნება ტურისტების დისკოთეკასა და მკვდარი თევზებით სავსე სანაპიროს შორის, პლანეტის განადგურების სურათს ქმნის - ასე, ცეკვა-თამაშით განადგურების სურათს.
ძნელია სათქმელია, რამდენად სერიოზულად აღიქვა ფილმის ეს ფინალი 60-იანი წლების მეორე ნახევრის მაყურებელმა. „თევზის ამოსვლის დღეს“ კომერციული წარმატება არ ჰქონია. თუმცა ძალიან კარგად გაიყიდა მუსიკალური ალბომი ფილმის საუნდტრეკით. ბუნებრივიცაა, იმხანად თეოდორაკისი ევროპული კინომუსიკის ლიდერად ითვლებოდა. მის სიმღერებს კი მღეროდნენ ქუჩაში გამოსული სტუდენტები რომში, პარიზში, ლონდონში და ცხადია, საბერძნეთშიც, სადაც ახალგაზრდებს ფაშისტ გენერლებთან ბრძოლა მოუხდათ.
ფილმის ორიგინალური ვერსია
ვერსია, რომელიც გადიოდა საბჭოთა კინოგაქირავებაში