გენდერული თანასწორობის გაეროს ქალთა სააგენტომ 11 აგვისტოს განაცხადა, რომ 2021 წლის 15 აგვისტოს ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, თალიბანის ოფიციალურმა პირებმა დააწესეს დრაკონული წესების სერია, რომლებიც ავღანელ ქალებსა და გოგონებს ართმევს მათ უფლებებსა და ღირსებას.
თალიბანის მეთაურობით მოქმედმა მთავრობამ გოგონებისთვის მეექვსე კლასის შემდეგ სკოლაში სიარული აკრძალა, ქალებს კი ეკრძალებათ დაწესებულებების უმრავლესობაში მუშაობა და ჩამოშორებული არიან პოლიტიკური ცხოვრებისგან. სახლიდან გასვლისას ქალებმა ისლამური ჩაცმულობის მკაცრი წესები უნდა დაიცვან.
ავღანეთში გაეროს დახმარების მისიის (UNAMA) ახალი ანგარიში ადასტურებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ გაფრთხილებას, რომელშიც აღწერილია მრავალი შემთხვევა, როცა ქალები ჩაცმულობის კოდექსის მოთხოვნების სავარაუდო დარღვევისთვის დააკავეს სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერებების პრევენციის სამინისტროს - თალიბანის ზნეობის პოლიციის - თანამშრომლებმა.
„თალიბანის მიერ გამოცემული, ქალებისა და გოგონების უფლებების შემზღუდავი ბრძანებულებები, ერთად ქმნის გარდაუვალ ციკლს, რომელიც ქალებს გამოკეტავს პირად სივრცეებში და ზრდის მათ დაუცველობას“, - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ.
ასევე ნახეთ „ჩვენი ხმები და სახეები აკრძალეს” - როგორ ცხოვრობენ ქალები ავღანეთში მას შემდეგ, რაც თალიბებმა თითქმის ყველა ფუნდამენტური უფლება წაართვესგაეროს მონაცემებით, ავღანელი ქალების 78 პროცენტზე მეტმა დაკარგა წვდომა განათლებაზე და დასაქმებასა მას შემდეგ, რაც თალიბანი ხელისუფლებაში დაბრუნდა.
მაგალითად, UNAMA-ს ცნობით, დასავლეთის ქალაქ ჰერათში, ათობით ქალს, რომლებიც, სავარაუდოდ, ჰიჯაბის ტარების წესებს არ იცავდნენ, მაისში ბაზრებზე შესვლა ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა აეკრძალათ. ანგარიშის თანახმად, რამდენიმე ქალი დაკავებული ჰყავდათ მანამდე, სანამ მათი ნათესავები ტანსაცმელს არ მოუტანდნენ, რათა სრულად დაეფარათ სხეული.
თალიბანმა ქალებს მამაკაცი მეურვის გარეშე მოგზაურობა აუკრძალა, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში ქალებს დაუკარგა წვდომა ჯანდაცვასა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებაზე.
UNAMA-ს ცნობით, თალიბანის ზნეობის პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის კლინიკებს, სამთავრობო ოფისებს, მაღაზიებს, ბაზრებსა და ტაქსის მძღოლებს დაავალა, უარი თქვან მომსახურებაზე ქალებისთვის, რომლებსაც არ ახლავს მამაკაცი ნათესავი ან ე.წ. მაჰრამი (მამა, ძმა, ვაჟი ან ქმარი).
ასევე ნახეთ ავღანელების მასობრივი დეპორტაცია მეზობელი ქვეყნებიდან უკან, თალიბანის „ისლამურ საამიროში“მაგალითად, ყანდაარის პროვინციის ზემო მაივანდის რაიონში, თალიბანის ინსპექტორებმა ადგილობრივ ავტოსადგურზე მძღოლებს, ტურისტულ სააგენტოებს და მგზავრებს შეახსენეს, რომ ქალებსა და გოგონებს მაჰრამის გარეშე მგზავრობის უფლება არ აქვთ.
ყანდაარის ზნეობის პოლიციამ ასევე მოითხოვა, რომ ჯანდაცვის მუშაკ ქალებს სამსახურში ახლდეს მამაკაცი მეურვე, რომელსაც უნდა ჰქონდეს „მაჰრამის დამადასტურებელი ბარათი“. ასეთ ბარათებს გასცემს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყება, რომელსაც თალიბანი მართავს, და ადგენს ურთიერთობას ბარათის მფლობელსა და ჯანდაცვის მუშაკ ქალს შორის.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგნოზით, ქალებისთვის ჯანდაცვის მომსახურების მიღების შეზღუდვა 2026 წლისთვის ავღანეთში დედების სიკვდილიანობის მაჩვენებელს 50 პროცენტით გაზრდის.
გავრცელებული ინფორმაციით, სიკვდილის მრავალი შემთხვევა გამოწვეული იყო გართულებებით ფეხმძიმობის პერიოდში, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, რომ არა კვალიფიციურ მეანთა მწვავე დეფიციტი და ჯანდაცვის სისტემის არასაკმარისი დაფინანსება.
ავღანელი ქალები და გოგონები საპროტესტო აქციაზე ქაბულში, განათლების სამინისტროს წინ, 2022 წლის 26 მარტს, გოგონებისთვის საშუალო სკოლების ხელახლა გახსნის მოთხოვნით.
სპეციალისტების დეფიციტი, სავარაუდოდ, მომდევნო წლებში კიდევ უფრო მწვავე გახდება, რადგან თალიბანმა ქალებს უნივერსიტეტებში სწავლა აუკრძალა და დახურა კერძო სკოლები, რომლებიც მეანობის, ექთნობისა და ლაბორატორიული დახმარების კურსებს სთავაზობდნენ.
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ავღანეთში ქალების მიმართ თალიბანის მიერ განხორციელებული ჩაგვრის პოლიტიკის შედეგები „დამანგრეველია“.
„ქალები უფრო ხანმოკლე და ნაკლებად ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობენ“, - განაცხადა გაეროს სააგენტომ.
სააგენტო თვლის, რომ ავღანეთში ქალებისა და გოგონების მდგომარეობა თალიბანის პირობებში „სულ უფრო და უფრო აუტანელი“ ხდება და გაფრთხილებას გამოთქვამს, რომ „სასწრაფო მოქმედებების გარეშე, ეს აუტანელი რეალობა ნორმად იქცევა და ქალები და გოგონები სრულად გარიყული იქნებიან“ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან.