21 აგვისტოს, ღამით უკრაინის სხვადასხვა ქალაქს რუსეთი მასირებულად ბომბავდა. დაბომბვისას გამოიყენეს ასობით "შაჰედი", მათ შორის უკრაინის დასავლეთით ქალაქებში მუკაჩევოში, ლვოვსა და ლუცკში. ლვოვსა და ლუცკში ფრთოსანი რაკეტებიც გამოიყენეს.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის თანახმად, კიევში ღამის განმავლობაში მუშაობდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა თქვა, რომ თავდასხმის შედეგები დგინდება. ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის ინფორმაციით, ქალაქში სამი აფეთქების ხმა გაისმა - შესაძლოა, ეს საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობასთან იყოს დაკავშირებული.
21 აგვისტოს, ღამით რუსეთმა მინიმუმ ოთხი აერობალისტური დარტყმა განახორციელა "კინჟალის" ტიპის რაკეტებით როვნოს ოლქზე.
რუსული არმია სხვადასხვა ტიპის იარაღით რეგულარულად ესხმის თავს უკრაინის რეგიონებს. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ გამიზნულად ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს.
უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამგვარ თავდასხმებს ომის დანაშაულებს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ისინი მიზანმიმართულად ხორციელდება.