პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, პაველ ვრონსკიმ სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, ჩამოვარდნილია "შაჰედის" ტიპის დრონის რუსული წარმოების ვერსია. ასეთ დრონებს აქტიურად იყენებენ უკრაინის წინააღმდეგ იერიშებში.
ოდნავ მოგვიანებით პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ დააზუსტა, რომ, სავარაუდოდ, საქმე ეხება არა დამრტყმელ დრონს, არამედ დრონ-იმიტატორს, მცირე ოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერებით. ასეთ დრონებს "შაჰედის" ტიპის აპარატებთან ერთად უშვებენ იმ მიზნით, რომ დააბნიონ საჰაერო თავდაცვის სისტემა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა მომხდარს უწოდა "პროვოკაცია" რუსეთის მხრიდან და გაიხსენა ნატოს წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცის დარღვევის უწინდელი შემთხვევები. მინისტრის თქმით, პროვოკაცია განხორციელდა "კრიტიკულ მომენტში", როცა ტარდება ძალისხმევა უკრაინაში ომის დასრულების მისაღწევად.
პოლონეთის ბეჭდური სააგენტოს თანახმად, აფეთქება მოხდა სიმინდის ველზე, სოფელ ოსინიში, პოლონეთის აღმოსავლეთით. დაზარალებულები არ არიან, რამდენიმე სახლში ჩაიმსხვრა ფანჯრების მინები. ადგილზე აღმოჩენილია მეტალის და პლასტმასის დამწვარი დეტალები.
ასევე ნახეთ პოლონეთში დრონი ჩამოვარდა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე საჰაერო დარტყმის შემდეგ