აჭარის ტელევიზიის დირექტორი გადადგა

ვლადიმერ ტატიშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი გადადგა. ამის შესახებ გაირკვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომიდან, რომელზეც საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ წევრებს გააცნო ვლადიმერ ტატიშვილის წერილი.

სხდომის დასრულების დროს გაირკვა, რომ ტატიშვილი 1 სექტემბრამდე დარჩება თანამდებობაზე.

ვლადიმერ ტატიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად სამწლიანი ვადით 2022 წლის 11 ნოემბერს აირჩიეს, მუშაობა კი 20 ნოემბერს დაიწყო. მან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება უფლებამოსილების ამოწურვამდე სამი თვით ადრე მიიღო.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას ვლადიმერ ტატიშვილის პირველი მოადგილე ეკატერინე შანიძე შეასრულებს.

რას ამბობდა ტატიშვილი დირექტორად არჩევის შემდეგ. “მაუწყებელი უნდა იქცეს აჭარის პიარის ინსტრუმენტად” - ინტერვიუ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ დირექტორთან

მომავალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი წინმსწრებად, 13 აგვისტოს, გამოცხადდა - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, თუკი დირექტორს უფლებამოსილების ვადა ეწურება, კონკურსი ცხადდება „ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა“.