საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ცხინვალის დე ფაქტო შსს ავრცელებს

საილუსტრაციო ფოტო

ცხინვალის საოკუპაციო ძალებმა შიდა ქართლში, სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. 18 აგვისტოს, „ტერიტორიაზე პატრულირების დროს“ მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაკავებული 33 წლისაა. სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია მასზე არ ვრცელდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უკანონო დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობათ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აცხადებენ სუსში.