პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების „გონივრული შანსი“ არსებობს, თუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა ჩატარდება.
მოგვიანებით, როდესაც ჟურნალისტმა ტრამპს შეკითხვა დაუსვა პუტინის მოთხოვნაზე ომის „ძირეული მიზეზების“ აღმოფხვრის შესახებ, ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ „ომი დასრულდება, როდესაც ის დასრულდება. ომის დასრულება ამ ჯენტლმენსაც სურს (მიუთითა გვერდით მჯდომ ზელენსკიზე) და ვლადიმირ პუტინსაც სურს, რომ ეს დასრულდეს“.
„ვფიქრობ, მთელი მსოფლიო დაიღალა ამით და ჩვენ ვაპირებთ მის დასრულებას“, - დასძინა ტრამპმა.
ზელენსკიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობაა აუცილებელი. მან თქვა, რომ უკრაინა მზადაა იპოვოს „დიპლომატიური გზა“ რუსეთის ომის დასასრულებლად და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევს მოსკოვთან და ვაშინგტონთან სამმხრივი შეხვედრა სურს.
კითხვაზე, მზად არის თუ არა უკრაინა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში „რუკების ხელახალი დახაზვისთვის“ და მზადაა თუ არა ის, რომ „უკრაინელი ჯარისკაცები კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში გაგზავნოს სასიკვდილოდ“, ზელენსკიმ პირდაპირ არ უპასუხა, მაგრამ შეაქო ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევა ომის შესაჩერებლად.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ყოველდღიური რუსული თავდასხმების ატანა უწევს და მაგალითად გასულ ღამით რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებული სასიკვდილო დარტყმა მოიტანა.
„ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი, შევაჩეროთ რუსეთი. და ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისგან“, - თქვა მან.
„ჩვენ მხარი დავუჭირეთ შეერთებული შტატების - პირადად პრეზიდენტ ტრამპის - იდეას, შეეჩერებინათ ეს ომი, შეექმნათ ამ ომის დასრულების დიპლომატიური გზა“, - დასძინა მან.
შეხვედრის ბოლოს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკისა და ევროპის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს დაურეკავდა. „პუტინი ჩემს ზარს ელოდება”, - თქვა დონალდ ტრამპმა.
ასევე ნახეთ ტრამპმა არ გამორიცხა უსაფრთხოების გარანტიისათვის უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნა