ვიმ ვენდერსი - 80 წლის ოდისევსი

ვინ ვენდერსის 1970 წლის ფილმი „ზაფხული ქალაქში“

„ზაფხული ქალაქში“ (1970, გფრ, რეჟისორი ვიმ ვენდერსი)

ვიმ ვენდერსის საიუბილეოდ შეიძლებოდა, ალბათ, გერმანელი რეჟისორის ყველაზე პოპულარული ფილმების გახსენება... მით უმეტეს, რომ „ცა ბერლინის თავზე“ თუ „პარიზი-ტეხასი“ ის შედევრებია, რომლებსაც გაუთავებლად შეიძლება უყურო. ეს კინო არ ძველდება! მაგრამ არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს ცოცხალი კლასიკოსის პირველი ნაბიჯი, მისი სადიპლომო ნამუშევარი, გადაღებული მიუნხენის კინოსკოლაში. მით უმეტეს, რომ „ზაფხული ქალაქში“ არის ფილმი, რომელშიც ვენდერსის შემოქმედების თითქმის ყველა მოტივია გაერთიანებული. 80 წლის ვენდერსიც, ალბათ, ასეთ კინოს გადაიღებდა. უბრალოდ არა ასეთი კუსტარული ტექნიკით; არა 16 მმ ფირზე, უხარისხოდ გახმოვანებულს, ცოტა არ იყოს დაუდევრად დამონტაჟებულს... „ცუდად გადაღებულიო“ ამას როგორ ვიტყვი! ოპერატორი რობი მიულერია, დიდი რობი მიულერი! ვენდერსის, ლარს ფონ ტრიერის, ჯიმ ჯარმუშის „თვალი“... იმხანად ასევე ახალგაზრდა და ყველასთვის უცნობი.

ასეთ კინოს გადაიღებდა, უსასრულო მოგზაურობაზე, რომელიც თავისუფლების განცდას მხოლოდ მაშინ ქმნის, როცა მიზანი არა აქვს, თავი და ბოლო არა აქვს („ცრუ მოძრაობა“ ჰქვია მის ერთ ფილმს, გადაღებულს გოეთეს ნაწარმოების მოტივებზე)... ოღონდაც ამ თანამედროვე ფილმში აღარ იქნება, ალბათ, ის სილაღე, თუ გნებავთ, ის სითავხედე, რაც იგრძნობა ვენდერსის სტუდენტურ ნამუშევარში. აგერ „ზაფხულის“ საუნდტრეკი ნახეთ - 60-იანი წლების მეორე ნახევრის საუკეთესო როკ-ჯგუფების მუსიკით. სადიპლომო ნამუშევარში გამოყენებული მუსიკა არ მოითხოვდა საავტორო უფლებების დაცვას, ამიტომ ვენდერსმა, შეიძლება ითქვას, „ჩაყარა“ ფილმში საყვარელი მუსიკალური ჯგუფები. ამან შეუშალა ხელი ფილმის ჩვენებას დიდ საერთაშორისო კინოფესტივალებზე, მაგრამ ალექსანდრ კლიუგეს, ვერნერ ჰერცოგის, ფოლკერ შლენდორფის, ოდნავ მოგვიანებით კი რაინერ ვერნერ ფასბინდერის ეპოქაში 25 წლის ვიმ ვენდერსი დასავლეთ გერმანული კინოს ლიდერობას ჯერ არ ჩქარობდა... იგი ჯერ მხოლოდ ემზადებოდა დიდი ნახტომისთვის.

ფილმის გადაღების პარალელურად ვენდერსი წერდა სტატიებს როკ-მუსიკაზე, ცნობილ და ახალ ჯგუფებზე. სხვათა შორის, მისი გვარის გვერდით მითითებულიც კი იყო, რომ ავტორი არის „მუსიკის კრიტიკოსი“. მოგვიანებით ვიმ ვენდერსი იტყვის, რომ როკ-მუსიკის სიყვარულმა „გადაარჩინა“ მისი იდენტობა.. „რომ არა მუსიკა, იურისტი გამოვიდოდიო“.

ვენდერსის პერსონაჟებისთვის იდენტობის ძიება ლამის მთავარი პრობლემაა ცხოვრებაში - ამისთვის დადიან, უფრო სწორად, ამისთვის დახეტიალობენ და ეძებენ. ვენდერსის კინო - ესაა არა იმდენად „როუდ მუვი“, რამდენადაც „ძებნის კინო“, რომელიც რეჟისორის საყვარელ ადამიანებს ეძღვნება ხოლმე. „ცა ბერლინის თავზე“ - ტარკოვსკის და ფრანსუა ტრიუფოს, „ტოკიო გა“- იასუძირო ოძუს, ხოლო „ზაფხული ქალაქში“ მუსიკას - ვენდერსის საყვარელ ჯგუფს, „კინქსს“. ოღონდ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ის, რასაც ჩვენ „კლიპს“ ვეძახით, მით უმეტეს არაა მუსიკის ილუსტრაცია. აკი ვთქვი, „ზაფხული ქალაქში“ ვენდერსის ავტოგრაფია - ის, რასაც ასაკი ვერ ცვლის და რაზეც დრო ვერ მოქმედებს.

დრო ერთადერთია, რაც მოძრაობს ვენდერსის ფილმებში. აი, თითქოს გადაადგილდება ადამიანი, თითქოს იცვლება ფონი, ქალაქები („ალისა ქალაქებში“ ჩემი ყველაზე საყვარელი ფილმია ვიმ ვენდერსის ფილმოგრაფიაში), მაგრამ ბოლოს გრჩება შთაბეჭდილება, რომ პეიზაჟი არ შეცვლილა. მაგრამ ეს მოძრაობაა, ეს კინოა, თანაც ვენდერსის ფილმები არ არის „დროის მუმიფიცირება“, დრო მასთან ერთადერთია, რაც იმედს ტოვებს, რომ ამ მოწყენილ სამყაროში რაღაც მაინც შეიცვლება.

ასეთი იმედით გამოდის ციხიდან ვენდერსის პირველი ფილმის პერსონაჟი, ჰანსი. ჯერ დაბოდიალობს მიუნხენის ქუჩებში, ყოველგვარი მიზნის გარეშე , მერე გარბის ბერლინში... ბოლოს ამერიკაში გაქცევას გადაწყვეტს. ემშვიდობება თავის მეგობარ ქალს, ხელსაც გაუწოდებს.. მაგრამ ეს არ აღმოჩნდება გამომშვიდობების ჟესტი. ამ ხელით ტელევიზორს ჩართავს... ვენდერსთან ეს ტელევიზორები, მაგნიტოფონები, ჯეკბოქსები, თანამედროვე მედიუმები ხშირად ადამიანზე მეტად ფასობს... ვენდერსის პერსონაჟები უკეთ გრძნობენ თავს ამ მოძრავ საგნებში... ვენდერსის პერსონაჟები ადამიანებს არ ემტერებიან, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მარტოობა, მარტოდმარტო წანწალი უყვართ, რადგანაც ასე უკეთ ხედავენ. უკვე პირველ ფილმში ჩანს, როგორ უყვარს ვენდერსს პერსონაჟის გამიჯვნა, გამოყოფა გარემოსგან, რათა ასეთი ფორმით გამოხატოს მისი მარტოობა... „ზაფხული ქალაქში“ სიუჟეტურადაც უწყობს ხელს - ციხიდან გამოსული ახალგაზრდა კაცი იცვლის ქალაქებს, მაგრამ თითქოს არცერთ ქალაქს არ ეკუთვნის. ფრენა არ შეუძლია, მაგრამ თვითმფრინავიდან მაინც გადმოჰყურებს დედამიწას. უკვე პირველივე ფილმში ჩანს ვიმ ვენდერსის მიდრეკილება ხედვის მიმართულებისკენ ზევიდან ქვევით, რათა კამერამ მაქსიმალურად გაშლილი სივრცე აღბეჭდოს.

საერთოდ, ვენდერსის გმირები ანგელოზებს ჰგვანან. თითქოს დროებით იმყოფებიან ამ პლანეტაზე - წანწალებენ, რათა დრო გაიყვანონ, შეიძლება იმის იმედითაც, რომ დაინახავენ რაღაცას, რაც დაუნახავია... და აქ ვენდერსი ეხება კინოხელოვნების თავისებურ კომპლექსს, კინემატოგრაფისტის უუნარობას, აღბეჭდოს სამყარო არა ისეთი, როგორსაც ვხედავთ, არამედ ისეთი, როგორსაც ხედავს ავტორი. არა „სკამი“, მაგალითად, არამედ ისეთი სკამი, რომელიც დაინახა ვან-გოგმა...

ვიმ ვენდერსმა ეს კომპლექსი გადალახა. პირველივე ფილმში შეეცადა კამერაში აღბეჭდილი რეალობა გაეთავისუფლებინა სიმძიმისგან, წარმოედგინა, როგორ დაინახავდა ცხოვრებას (უფრო ზუსტად კი „სიცოცხლეს“) ადამიანი, რომელმაც ეს-ესაა მოიპოვა თავისუფლება. ფილმის ფინალში ჰანსი გადაიფიქრებს და ნიუ-იორკის ნაცვლად ამსტერდამში გაემგზავრება. რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნები? როცა ის, რასაც ამდენი ხანი ეძებ, შენშია?

ზუსტად ამიტომ ავირჩიე ვიმ ვენდერსის სტუდენტური ფილმი - უბრალოდ იმის გასახსენებლად, რომ შედევრები არ ძველდება. უფრო მეტიც, რაც უფრო გადის დრო, კარგი ფილმი უფრო მდიდრდება, უფრო იდუმალი ხდება. შესაძლებელია იმ დისტანციის გამო, რომელსაც დრო ქმნის? სხვა მიზეზებიც არსებობს ალბათ. მაგრამ ფაქტი ერთია - დრო ცვლის რეალობას, აღბეჭდილს ფირზე. ამ შემთხვევაში სკამი არ არის უბრალოდ სკამი. ეს „ვენდერსის სკამია“.

ფილმის სრული ვარიანტი ინგლისური სუბტიტრებით შეგიძლიათ ნახოთ აქ: