უკრაინის არმიის სახმელეთო ძალების სარდლობის ინფორმაციით, 29 ივლისს, ერთ-ერთი სასწავლო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 3 და დაიჭრა 18 სამხედრო მოსამსახურე. სარდლობა კონკრეტულ ადგილს არ ასახელებს.
დაწყებულია გამოძიება. სახმელეთო ძალების განცხადებით, თუ დადასტურდება, რომ პირად შემადგენლობაში მსხვერპლი გამოიწვია ხელმძღვანელების მოქმედებამ, ან უმოქმედობამ, დამნაშავეები პასუხს აგებენ.
განახლება: 30 ივლისს, დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორი რაკეტით „ისკანდერი” დაარტყეს უკრაინის სახმელეთო ძალების 169-ე სასწავლო ცენტრის ბანაკს, რომელიც ჩერნიგოვის ოლქის დასახლებული პუნქტის, გონჩაროვსკოეს რაიონში მდებარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მოკლული და დაჭრილია 200-მდე სამხედრო მოსამსახურე.
ასევე ნახეთ ტრაგედია დნეპროპეტროვსკის პოლიგონზე. რა გაკვეთილი ისწავლა უკრაინის არმიამ?ბოლო თვეებში რუსეთის ჯარებმა გააძლიერეს შეტევა უკრაინის სახმელეთო ძალების სასწავლო ცენტრებსა და პოლიგონებზე. მხოლოდ გასულ თვეში რამდენიმე დარტყმა იყო. 22 ივნისს ერთ-ერთი ასეთი შეტევის შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა და 14 დაიჭრა.
1 ივნისს სახმელეთო ძალების 239-ე პოლიგონზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 12 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 60-ზე მეტი დაიჭრა. იმავე დღეს თანამდებობიდან გადადგა სახმელეთო ძალების სარდალი მიხაილო დრაპატი. გადადგომიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტმა ზელენსკიმ დრაპატი გაერთიანებული ძალების სარდლად დანიშნა.