გამოცემის თანახმად, რეალური მიზეზი არის სურვილი, რომ "მედიაორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს". ამასთან, გამოცემა გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც ზეწოლას "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" პატიმრობაში მყოფ დამფუძნებელსა და დირექტორზე მზია ამაღლობელზე, რომელიც სისხლის სამართლის ბრალდებაც განაჩენი მალე უნდა გამოცხადდეს.
"პირველ ივლისს „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ვალი გვაქვს, რომელიც 5 დღეში უნდა გადავიხადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშებს ინკასოს დაადებენ, შემდეგ კი ქონებას დააყადაღებენ და დაიწყება აღსრულება. ანუ აღსრულების ეროვნული ბიურო „ბათუმელების“ ქონებას გაყიდის. საუბარია რედაქციის ტექნიკურ აღჭურვილობასა და ოფისზე", - წერს გამოცემა.
ამ ეტაპზე „ბათუმელების“ საბიუჯეტო დავალიანება (ძირი თანხა) 47 ათასი ლარია, მათ ინფორმაციით თვის დასაწყისში 136 ათასი ლარი იყო, რაც გადაიხადეს,
"ასევე გვერიცხება სხვა თანხაც – საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი. „ბათუმელებს“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა შესაბამის თანხებს მის დასაფარად", - წერია "ბათუმელების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართეს, საგადასახადო კოდექსის თანახმად, ვალის გადახდის გრაფიკის შესათავაზებლად, რაზეც უარი მიიღეს.
17 ივლისს კი „ბათუმელების“ ანგარიშებს დაადეს ინკასო.
"დღეს, 21 ივლისია და მზია ამაღლობელის ბოლოს წინა პროცესი იმართება სასამართლოში. შესაბამისად, ინკასო და უახლეს ერთ კვირაში დაგეგმილი ყველა სხვა ოპერაცია მიმართულია მზია ამაღლობელის გასატეხად, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედიაორგანიზაციის გასანადგურებლად ამის მარტივი დადასტურებაა ერთი მაგალითი: შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი", - წერს გამოცემა "ბათუმელები".
ტელეკომპანიების "იმედისა" და "რუსთვის 2"-ის საბიუჯეტო დავალიანებები
რადიო თავისუფლება შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა იძულების ღონისძიებების აღსრულების აუცილებლობის საკითხის გასარკვევად, უწყებისგან მიღებული პასუხით მასალა განახლდება.
მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მისი ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობა, პატიმრობაში ყოფნისას კიდევ უფრო გაუარესდა. მაია მწარიაშვილის თანახმად, მზია ამაღლობელს კერატოკონუსი აქვს, თვალის რქოვანის დაავადება. 4 თებერვალს კლინიკა "ვივამედში" ჩატარებული ანალიზის დოკუმენტის, ე.წ. ფორმა 100-ის თანახმად, "მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0.04%".
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.