ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი: ცნობილია ვის შეეხება ის რუსეთში

სანქციები დაუწესდა „მოსფილმის“ გენერალურ დირექტორს, კარენ შახნაზაროვსაც

ევროკავშირის ოფიციალურ საკანონმდებლო ჟურნალში გამოქვეყნდა ევროკავშირის საბჭოს მიერ ერთი დღით ადრე მიღებული დოკუმენტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს აწესებს.

დოკუმენტი შეიცავს იმ რუსული ბანკების სიას, რომლებზეც დაწესებულია შეზღუდვები, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემების სიას, ასევე სანქციების ქვეშ მყოფ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

სანქციების პაკეტში შეტანილია 22 ბანკი, მათ შორისაა Т-ბანკი (ყოფილი Тинькофф), Яндекс ბანკი, Ozon ბანკი, ასევე სახელმწიფო იპოთეკური ბანკი "Дом.рф".

შეზღუდვები შეეხო 23 რუსულ კომპანიას, მათ შორის რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს (РФПИ), ასევე მთელ რიგ სამხედრო-სამრეწველო საწარმოებს.

მათ შორისაა ნოვოსიბირსკის კომინტერნის ქარხანა, მოსკოვში დაფუძნებული შპს „სისტემოტექნიკა“, ნახევარგამტარული მოწყობილობების კვლევითი ინსტიტუტი, სმოლენსკის თანამედროვე სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების კვლევითი ინსტიტუტი, და სხვა.

ასევე ნახეთ ევროკავშირმა შეათანხმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მე-18 პაკეტი

სიაში ასევე შედიან მესამე ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის, ჰონგ-კონგის, თურქეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიები და დაახლოებით 100 ტანკერი, რომლებიც, ევროკავშირის ხელისუფლების ცნობით, რუსული ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებით არიან დაკავებულნი.

სანქციების ქვეშ მყოფ პირთა სიაში შედიან „მოსფილმის“ გენერალური დირექტორი, რეჟისორი და პოლიტიკური ტოქშოუების მონაწილე კარენ შახნაზაროვი, ვერნადსკის სახელობის ყირიმის უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ კურიანოვი, ტერიტორიული განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ილშატ შაგიახმეტოვი, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული არაერთი მეწარმე და მენეჯერი და რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქე.

როგორც ადრე იყო ცნობილი, სანქციები ითვალისწინებს რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრის შემცირებას, რომელიც G7-ის ქვეყნებმა დააწესეს ბარელზე 60 დოლარიდან 47,6 დოლარამდე.

სანქციები ასევე დაეკისრა ინდოეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომლის მთავარი აქციონერი „როსნეფტია“; სრული აკრძალვაა დაწესებული „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე, მათ შორის საქონლის ან მომსახურების მიწოდებაზე.

წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება 18 ივლისს გამოაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა.

მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ეს არის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პაკეტი და კრემლს ომის ბიუჯეტს კიდევ უფრო შეუმცირებენ.