მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაზე დამატებით 1 800 000 ლარი დაიხარჯება

მეტროსადგური „ვარკეთილი“

უკვე მეექვსე დღეა, დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მეტროსადგური - „ვარკეთილი“ - განახლებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დახურულია.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ საწყის ეტაპზე დაანგარიშებული 13 398 612 ლარი სადგურზე რეაბილიტაციის პროცესის დასასრულებლად არასაკმარისია და დამატებით 1 800 000 ლარის დახარჯვა გახდა საჭირო.

„მეტროსადგურ „ვარკეთილი“-ს დახრილი საესკალატორო გვირაბის დეტალური გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ აუცილებელია განხორციელდეს შემდეგი სამუშაოები: დახრილი გვირაბის საექსპლუატაციო მახასიათებლების აღდგენა - ტუბინგების კოროზიისგან გაწმენდა; სადეფორმაციო ნაკერებში გამონადენების ჰიდროიზოლაცია; სამაგრის ზედაპირის ხელით ან ჰიდროდინამიკური მეთოდით გაწმენდა მტვრისა და ზეთისგან; ჭანჭიკების და ქანჩების შეცვლა; საინექციო ხვრელების ამოვსება და თუჯის ტუბინგებს შორის არსებული შოვების თეგვა (ე.წ. ჩეკანკა) და სხვა“, - ასეა დასაბუთებული ხარჯის 1 800 000 ლარით გაზრდის საჭიროება.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. კონტრაქტორმა შპს „ბადა ქონსთრაქშენმა“ საექსკალატორო გვირაბის და მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის თაღზე აზბესტ/ცემენტის ფილები ჩამოხსნა. გაირკვა, რომ არსებული მდგომარეობის გამო საჭირო იყო იმ პროექტის განახლება, რომელზე დაყრდნობითაც უნდა მომხდარიყო სადგურის რეაბილიტაცია. პროექტის თავდაპირველი ღირებულება 13,4 მილიონი ლარი იყო.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ კომპანიას 2024 წლის 2 დეკემბერს აცნობა, რომ დასკვნის მხოლოდ ნაწილის მომზადება შეეძლო, რადგან „[რამდენიმე] საკითხზე მსჯელობა ბიუროს ამ ეტაპზე არ შეუძლია შესაბამისი ხელსაწყო-მოწყობილობების არქონის გამო“. სწორედ ამიტომ შეარჩია თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ ბელარუსული შპს „პრობილდ ექსპერტი“ და მასთან 382 065 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დადო.

ასევე ნახეთ მეტროსადგურ „ვარკეთილზე“ კვლევას ბელარუსული კომპანია ჩაატარებს
ასევე ნახეთ რატომ შეჩერდა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროცესი?

სარეაბილიტაციო სამუშაოები ექსპერტიზის ახალი დასკვნის მიღების შემდეგ განახლდა. 12 ივლისს მეტროსადგური „ვარკეთილი“ 45 დღით დაიკეტა - ამ დროში უნდა მოესწროს ქვედა და ზედა ბაქანზე ჩასატარებელი ყველა სამუშაოს შესრულება.

ასევე ნახეთ მეტროსადგური "ვარკეთილი" 45 დღით დაიკეტა