დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ ხელშეკრულება გააფორმეს თავდაცვის, ვაჭრობისა და მიგრაციის საკითხებზე

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი (მარჯვნივ). ლონდონი. 2025 წლის 17 ივლისი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 17 ივლისს ლონდონში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ეხება კავშირების განმტკიცებას თავდაცვის სფეროში და სამართალდამცავთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ლა-მანშის სრუტის გამოყენებით ადამიანთა ტრეფიკინგის აღსაკვეთად.

"ეს ისტორიული დღეა გერმანიისა და ბრიტანეთის ურთიერთობაში", - განაცხადა მერცმა, რომელიც მაისში კანცლერის უფლებამოსილების განხორციელების დაწყების შემდეგ, პირველად ჩავიდა დიდ ბრიტანეთში. "ჩვენ გვსურს უფრო მეტად ვითანამშრომლოთ, განსაკუთრებით მას მერე, რაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს გამოეყო", - დასძენს მერცი.

სტარმერის თქმით, ხელშეკრულება წარმოადგენს "მიზანსწრაფვის, ჩვენი ამბიციის განაცხადს - რომ უფრო მეტად ვითანამშრომლებთ".

ხელშეკრულება ეფუძნება დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის შარშან გაფორმებულ პაქტს თავდაცვის სფეროში - რომელშიც ნათქვამია, რომ ორი ქვეყანა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს რუსეთის მხრიდან მომდინარე, მზარდი საფრთხის მოსაგერიებლად. დიდი ბრიტანეთი და გერმანია უკრაინის ყველაზე ძლიერ ევროპელ მხარდამჭერ სახელმწიფოებს შორის არიან.

ასევე ნახეთ ლონდონში გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სამიტი გაიმართა - "განახლებული და გაძლიერებული „სტრატეგიული პარტნიორობის“ დასაწყისი"