ბოლნისში რძის 4 არალეგალური საწარმო გამოვავლინეთ - სესი

საილუსტრაციო ფოტო არ ასახავს საქართველოში მოქმედ არცერთ რძის საწარმოს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში რძის 4 არალეგალური საწარმოს გამოვლენის შესახებ. სააგენტოს ცნობით, ოთხივე საწარმოს დაკეტვის და მათი პროდუქციის ამოღების მიზეზი რძის და რძის პროდუქტების არარეგისტირებული წარმოება იყო - მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო საწარმოებს ავალდებულებს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციას და წარმოების შესაბამისი სტანდარტების აღიარების მიღებას.

"დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით, რეგისტრირებულია რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი 251 ბიზნესოპერატორი. მიმდინარე წელს, რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 3600-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ გამოვლენილია 36 არარეგისტრირებული წარმოება", - წერს სურსათის ეროვნული სააგენტო.

დალუქული საწარმოებიდან სამი სოფელ რატევანში იყო, ერთი კი ქალაქ ბოლნისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე. დალუქული საწარმოებიდან ამოღებულია 1 500 ლიტრ რძეზე მეტი, 5 ტომარა რძის ფხვნილი და 400 კილოგრამამდე სულგუნი.

ასევე ნახეთ როგორ მოუგო ლაშა პაპაშვილმა 4,7 მილიონი ლარი „ბიუ ბიუს“ მფლობელს - დავა ნაკელის გამო