„წლებია, სახალხო დამცველს მიმართავენ ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები“ - სახალხო დამცველის ოფისი

თევდორე მღვდლის ქუჩაზე, 14 ივლისს ჩამონგრეული სახლის ფასადი

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს თევდორე მღვდლის ქუჩაზე 14 ივლისს მომხდარი ნგრევის ფაქტზე, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

განცხადებაში წერია, რომ წლებია, სახალხო დამცველის აპარატს მიმართავენ სხვადასხვა კატეგორიის ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები მათი უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების საკითხებზე.

„თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის არსებობის მიუხედავად, მრავალ ოჯახს წლების განმავლობაში უწევს საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება.

ხაზგასასმელია, რომ ასეთი ავარიული შენობა-ნაგებობები საფრთხის შემცველია, როგორც მცხოვრებლებისთვის, ასევე, მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიმდებარედ შეიძლება გადაადგილდებოდნენ ან/და მუშაობდნენ.

წლების განმავლობაში შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ამ სისტემურ პრობლემასთან გამკლავება დროულ და ეფექტიან ნაბიჯებს მოითხოვს, რასაც არსებული საკანონმდებლო გარანტიები და პროგრამული შესაძლებლობები ვერ უზრუნველყოფს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა. მათი განცხადებით, ისინი შეისწავლიან ავარიულ შენობაში მცხოვრებთა და სხვა მოქალაქეთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გატარებულ თუ შემდგომში დაგეგმილ ღონისძიებებს.

14 ივლისს, 19 საათისთვის, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ფასადის ნაწილის ჩამოშლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა - 1.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შენობა ავარიული იყო. როგორც მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა თქვა, მცხოვრებლებთან მიმდინარეობდა კომუნიკაცია შენობის დაცლაზე, თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა, რადგან შენობის დაცლას არ დაეთანხმა მცხოვრებთა 100%.

თბილისის მერიის ინფორმაციით კორპუსის მობინადრეები დროებით სასტუმროში განათავსეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს და ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.

ასევე ნახეთ "სადგურის მოედანთან" შენობის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულდა