„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა თბილისში, „სადგურის მოედანზე“, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ნაციონალური მოძრაობა“ გამოძიების დაწყებას ითხოვს მომხდარ ფაქტზე დედაქალაქის მერის პასუხისმგებლობის დასადგენად.
ლაშა ფარულავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ 14 ივლისს, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი ფაქტი „არის მკვლელობა და არა ტრაგედია“.
„ეს არის მკვლელობა, რომელსაც წინ უძღოდა დანაშაულებრივი უმოქმედობა თბილისის მერიის და კახი კალაძის მხრიდან. მათ თვითონვე განაცხადეს, რომ იყო ავარიული კორპუსი. მოსახლეობა არავინ გააფრთხილა, არავინ შემოსაზღვრა ავარიული კორპუსი, არავინ არაფერი არ გააკეთა, ეს არის შედეგი კორუფციული მმართველობის, რომელსაც შეეწირა ორი ადამიანის სიცოცხლე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ ვხედავთ ტრაგედიებს დედაქალაქში, რომელიც უკავშირდება კალაძის კორუფციულ მმართველობას. ეს უნდა დასრულდეს, მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
14 ივლისს, 19 საათისთვის, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ფასადის ნაწილის ჩამოშლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა - 1.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, შენობა ავარიული იყო. როგორც მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა თქვა, მცხოვრებლებთან მიმდინარეობდა კომუნიკაცია შენობის დაცლაზე, თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა, რადგან შენობის დაცლას არ დაეთანხმა მცხოვრებთა 100%.
თბილისის მერიის ინფორმაციით კორპუსის მობინადრეები დროებით სასტუმროში განათავსეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს და ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.
ასევე ნახეთ "სადგურის მოედანთან" შენობის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულდა