"მაინც საფრთხეშია, შესაძლოა ისევ იპოვონ" - ჩეჩნეთიდან საქართველოში გამოქცეული გოგოს ამბავი

გაქცევამდე ქალმა ნათესავებს დაუტოვა წერილიც, რომელშიც უხსნიდა, რომ ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა. ფოტოკოლაჟი.

ჩეჩნეთიდან საქართველოში ძალადობას გამოქცეული ლაურა ა. - რომლის გატაცების ცნობებიც გასულ ღამით გავრცელდა, - შსს-ს თანახმად, ახლა უსაფრთხოდაა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გატაცება უარყო და თქვა, რომ ქალს მსხვერპლთა თავშესაფარში გადაიყვანენ.

13-14 ივლისის ღამით, ადამიანის უფლებადამცველი აქტივისტების რუსული ჯგუფის, „მარემის“ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა ამბავი, რომ თბილისში გაიტაცეს გოგო, რომელიც ჩეჩნეთიდან საქართველოში ნათესავების ძალადობას გაექცა. გამთენიისას “მარემი” წერდა, რომ ქალს პოლიციამ მიაკვლია და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

შსს-მ რადიო თავისუფლებას ქალის გატაცება არ დაუდასტურა და თქვა, რომ “სიმართლე არ არის სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი ლ.ა. გაიტაცეს ან მის გატაცებას შეეცადნენ”. უწყებაში გვითხრეს, რომ ამ მომენტისთვის საქართველოში „დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება", თუმცა პოლიცია საქმეს იძიებს და გარემოებებს სწავლობს.

“ლ.ა.-სა და სამართალდამცველებს შორის მოხდა კომუნიკაცია, მისგან მიღებული ინფორმაციით, მის მიმართ მუქარას ან რაიმე სახის სხვა დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ლ.ა. გადაყვანილი იქნება მსხვერპლთა თავშესაფარში”, - აცხადებს შსს.

ლაურა ა.-ს უკვე თვეებია იცავს ორგანიზაცია “საფარი” და მისი ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი, რომელიც წუხელ მას პოლიციაში ახლდა.

ნინო გვეუბნება, რომ ჩეჩენ გოგოს, საფრთხის გამო, თვეების განმავლობაში მალავდნენ ნათესავებისგან საქართველოში. ადვოკატი აღნიშნავს, რომ მიუხედავად შსს-ს განცხადებისა, რომ ქალი ახლა უსაფრთხოდაა, ის ნებისმიერ დროს ისევ შეიძლება იპოვონ:

“ჩვენ აქამდე ვიცოდით, რომ ეს გოგო იყო უსაფრთხოდ, რომ საზღვარს ვერ გადმოკვეთავდა მისი ვერცერთი ახლობელი შსს-ს გარეშე, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მოხდა. ისინი ახლა საქართველოში არიან, ფაქტია და ეს გოგოც იპოვეს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ 100%-ით ამ გოგოს უსაფრთხოება დაცული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივუთითეთ კონკრეტული სახელები და გვარები და ვუთხარით პოლიციას, რომ ამ ადამიანების ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში, გოგონას უსაფრთხოება უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული, რომ არ შემოეშვათ ისინი შემაკავებელი ორდერების გარეშე და მაინც შემოვიდნენ - ახლა არ ვართ დაზღვეული, რომ მას არ მიადგებიან და არ იპოვიან იქ, სადაც არის”, - უთხრა ნინო ანდრიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

"საფარის" ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამაც გამოაქვეყნა ფეისბუკზე საჯარო პოსტი და დაწერა, რომ რისკების შესახებ სახელმწიფო თავიდანვე იყო ინფორმირებული. "საფარი" არ არის დარწმუნებული, რომ ქალის დასაცავად საკმარისი კეთდება და მიიჩნევს, რომ მას ამჟამადაც ემუქრება საფრთხე:

"ის, რომ შსს-მ ვერ მოახერხა ქალის დაცვა, რომ ვერც ახლა იძიებენ საქმეს ეფექტურად და არც სამომავლო საფრთხეებია დაზღვეული, არის სრულად საქართველოს და შსს-ს პასუხსიმგებლობა", - წერს ბაია პატარაია.

ადამიანის უფლებათა დამცველი ცნობილი ჯგუფები “მარემი” და კრიზისული ჯგუფი “СК SOS-ი” თავიანთ ტელეგრამ-არხებზე მთელი ღამის განმავლობაში აახლებდნენ ჩეჩენი გოგოს შესახებ ცნობებს და წერდნენ, რომ ის, სავარაუდოდ, თბილისიდან გაიტაცეს. შუაღამისას კი მათ დაწერეს, რომ ლაურა ა. პოლიციამ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

მათი ცნობით, ქალმა მოახერხა თავშესაფრის თანამშრომელთან დაკავშირება და თავისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციაც (გეოლოკაცია) გადასცა.

“მარემის” თანახმად, თავშესაფრის რამდენიმე თანამშრომელი მითითებულ ადგილას მივიდა - ეს იყო კაფე, სადაც დახვდათ ლაურა დასთან და ხუთ ჩეჩენ კაცთან ერთად. არხები წერდნენ, რომ ისინი ქალის წამოსაყვანად მისულებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კრიზისული ჯგუფის, “СК SOS-ის" ინფორმაციით, ნათესავები ლაურას კარგა ხანია ეძებდნენ და ამ პროცესში საქართველოს პოლიციასაც მიმართეს. უფლებადამცველების ცნობით, გოგო დიდი ხნის განმავლობაში იყო ნათესავების ძალადობის მსხვერპლი - მას აკონტროლებდნენ და სთხოვდნენ, თავისი შრომით გამომუშავებული ფული ოჯახის წევრებისთვის გადაეცა.

მოგვიანებით უფლებადამცველმა ორგანიზაცია “მარემმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გოგონა პოლიციაში მიდიოდა განცხადების დასაწერად, რომ თითქოს ნებაყოფლობით გეგმავდა საქართველოდან წასვლას და რუსეთში დაბრუნებას.

“მარემის” ტელეგრამ-არხზე წერია, რომ პოლიციაში იყვნენ ის დაზარალებული აქტივისტებიც, რომლებიც ლაურას ახლობელმა ჩეჩნებმა სცემეს. ადგილზე მისი ნათესავები არ გამოჩენილან.

დილის შვიდის ნახევარზე ტელეგრამ-არხმა ცნობები განაახლა და დაწერა, რომ ჩეჩენმა გოგომ პოლიციის შენობა დატოვა და “უსაფრთხო ადგილას” გაემართა.

ლაურას შესახებ ცნობებს ავრცელებდა ჟურნალისტი და უფლებადამცველი სვეტლანა ანოხინაც, რომელმაც ასევე დაწერა, რომ გოგო ახლა უსაფრთხოდაა.

კრიზისული ჯგუფი “СК SOS-ი” ასევე მიუთითებს, რომ ლაურა უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში ცხოვრობს, მუშაობს და ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს. თუმცა ამის პარალელურად, ჩეჩნეთში მცხოვრები ნათესავები მას თავს არ ანებებდნენ, ემუქრებოდნენ ლაურას იმ მეგობრებსა და ახლობლებს, რომლებსაც კი მიაგნეს. თან აცხადებდნენ, რომ გოგოს ნებისმიერ შემთხვევაში სახლში დააბრუნებდნენ.

გაქცევამდე მან ნათესავებს წერილიც დაუტოვა, რომელშიც უხსნიდა, რომ ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა და სთხოვდა, რომ არ ეძებნათ.

დევნის თავიდან ასაცილებლად და საქართველოში დასარჩენად, ლაურამ პოლიციასაც მიმართა - პოლიციამ მის ნათესავებზე შემაკავებელი ორდერი გამოწერა, რაც მათ გოგონასთან მიახლოებას უკრძალავდა.

ლაურა არ არის ერთადერთი ქალი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში გამოიქცა. ასეთი იყო დაღესტნის მოქალაქე ზაირა პიროვაც, რომელიც ასევე ლაპარაკობდა ნათესავების მხრიდან შევიწროებაზე, თუმცა ოჯახთან საუბრის შემდეგ შინ დაბრუნება გადაწყვიტა. ამ ინფორმაციასაც კრიზისული ჯგუფი „СК SOS-ი”ავრცელებდა 2025 წლის იანვარში.

ასევე ნახეთ თბილისში გამოქცეულმა დაღესტნელმა ქალმა სახლში დაბრუნება გადაწყვიტა

კიდევ ერთი ისტორია, როცა დაღესტნელი გოგოები ოჯახში ძალადობას საქართველოში გაექცნენ, 2022 წელს მოხდა. მაშინ “СК SOS-ის" პრესმდივანმა ალექსანდრა მიროშნიკოვამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხადიჟატ და ფატიმატ ხიზრიევებს, ამინატ გაზიმაგომედოვას და ფატიმატ მაგომედოვას მესამე ქვეყანაში გადაიყვანდნენ.

ასევე ნახეთ ოჯახში ძალადობას გაქცეული დაღესტნელი გოგოები საქართველოს დატოვებენ

2022 წელს ჩეჩნეთიდან სედა სულეიმანოვაც გაიქცა. არ სურდა უსიყვარულო დაქორწინება, რის გამოც ოჯახში ხშირად ჰქონდა კონფლიქტი. ის სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა და მუშაობდა. 2023 წლის აგვისტოში, ჩეჩნეთიდან ჩასული ძალოვნების მონაწილეობით, გოგონა სახლში თავისი ნების საწინააღმდეგოდ დააბრუნეს. მას შემდეგ მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ასევე ნახეთ უკან დასახევი გზის გარეშე: როგორ ცდილობენ კავკასიელი ქალები საზღვარგარეთ გაქცევას