სამხრეთ კორეის დაზვერვა: შესაძლოა, ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს 12 მილიონი ჭურვი მიაწოდა

ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელი, კიმ ჩენ ინი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. 19 ივნისი, 2024 წელი (არქივი)

ჩრდილოეთი კორეა რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდებას აგრძელებს, უფრო ადრე კი, ფხენიანს შეეძლო რუსეთისთვის 152 მმ-იანი 12 მილიონი ჭურვის მიწოდება - ამის შესახებ Yonhap-ის სააგენტო სამხრეთ კორეის დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით იტყობინება.


დაზვერვის მონაცემებით, ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში იარაღისა და საარტილერიო ჭურვების დაახლოებით 28 000 კონტეინერი გაგზავნა.

„თუ 152 მმ-იანი ჭურვების მიხედვით გამოვთვლით, მაშინ (მიწოდებული ჭურვების რაოდენობამ) სავარაუდოდ 12 მილიონს გადააჭარბა“, - იტყობინება დაზვერვის უწყება.

სააგენტო აღნიშნავს, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ფხენიანმა რუსეთში დაახლოებით 13 000 ჯარისკაცი გაგზავნა. მანამდე სამხრეთ კორეის დაზვერვა იუწყებოდა, რომ ჩრდილოეთი კორეა, სავარაუდოდ, დამატებით ჯარებს ივლისში ან აგვისტოში გაგზავნიდა.

გასულ წელს რუსეთმა და ჩრდილოეთმა კორეამ პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც ორმხრივი სამხედრო დახმარების პუნქტს მოიცავს.

გასული წლის შემოდგომიდან სამხრეთ კორეის დაზვერვა და დასავლეთის დაზვერვის სააგენტოები რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების ჩასვლის შესახებ იუწყებიან, რომლებმაც შემდგომში უკრაინელი ჯარების წინააღმდეგ ბრძოლებში მიიღეს მონაწილეობა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.

ასევე ნახეთ ლავროვი: ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების კურსკში გაგზავნის გადაწყვეტილება ფხენიანმა მიიღო