ტრამპსა და ო'დონელს შორის დაპირისპირება მანამდეც იყო, სოციალური მედიით.
"იმ ფაქტის გამო, რომ როზი ო'დონელი არ პასუხობს ჩვენი დიადი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს, მე სერიოზულად განვიხილავ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას" - წერს ტრამპი თავისი სოციალური მედიით, Truth Social-ით, რაც მიემართება მისი ადმინისტრაციის მიერ გატარებულ პოლიტიკას, უცხოეთში დაბადებული, პროტესტის გამომხატველი პირების დეპორტაციის მცდელობებით.
"იგი საფრთხეა კაცობრიობისთვის და უნდა დარჩეს მშვენიერ ქვეყანა ირლანდიაში - თუკი მათ ასე სურთ. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!" - წერს ტრამპი.
აშშ-ის კანონით, პრეზიდენტს არ აქვს უფლება მოქალაქეობა ჩამოართვას ამერიკაში დაბადებულ პირს. ო'დონელი ნიუ-იორკის შტატშია დაბადებული.
როზი ო'დონელი - რომელიც უკვე დიდი ხანია ტრამპის მხრიდან თავდასხმების სამიზნეა - მიმდინარე წელს, ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყების შემდეგ ირლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, 12 წლის შვილთან ერთად. მარტში TikTok-ით გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში ის ამბობს, რომ ამერიკაში მაშინ დაბრუნდება, "როცა იქ ყველა მოქალაქისთვის უსაფრთხო იქნება თანაბარი უფლებების ქონა".
ტრამპის ბოლო მუქარას ო'დონელმა უპასუხა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ორი პოსტით - მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი მას ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ ის განასხეულებს "იმ ყველაფრის საპირისპიროს, რასაც [ტრამპი] წარმოადგენს".
ტრამპის ადმინისტრაცია, ისევე, როგორც ადგილობრივი და სახელმწიფო მოხელეები, კითხვების სამიზნე არიან იმის თაობაზე, შეიძლებოდა თუ არა მეტის გაკეთება მოქალაქეების გაფრთხილებისთვის და დაცვისთვის ტეხასში მომხდარ წყალდიდობამდე - რომელიც ძალიან სწრაფად განვითარდა სახელმწიფო დღესასწაულზე, 4 ივლისს და იმსხვერპლა სულ მცირე 120 ადამიანი, მათ შორის ათობით ბავშვი.
ტრამპი პარასკევს ესტუმრა ტეხასს და დაიცვა თავისი ხელისუფლების ქმედებები - მისი თქმით, სააგენტოებმა "არაჩვეულებრივად იმუშავეს შექმნილ ვითარებაში".
ასევე ნახეთ ტეხასში 80-ს გადააჭარბა წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა