შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა პალესტინელთა უფლებების შესახებ გაეროს სპეცმომხსენებელს

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური მომხსენებელი ფრანჩესკა პაოლა ალბანეზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სანქციები დაუწესა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ მომხსენებელს, - „1967 წლიდან ოკუპირებულ პალესტინურ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ“, - იტალიელ ფრანჩესკა პაოლა ალბანეზეს.

მარკო რუბიოს გადაწყვეტილება 9 ივლისს გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე.

ალბანეზე მათ შორის იყო, ვინც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ურჩევდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრების ორდერების გაცემას.

სასამართლომ ეს ორდერები 2024 წლის ნოემბერში გასცა. ამის გამო 2025 წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასამართლოს წარმომადგენლებს ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვაშინგტონის სანქციებს უწოდა კანონის უზენაესობაში ჩარევის მიუღებელი მცდელობა.

ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ტრამპმა ჰააგის სასამართლოს სანქციები დაუწესა
ასევე ნახეთ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ჰააგის სასამართლოს პროკურორს

სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ფრანჩესკა ალბანეზე პირდაპირ თანამშრომლობდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან აშშ-ისა და ისრაელის მოქალაქეების დევნისა და დაპატიმრების მიზნით, ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე. რუბიო ხაზს უსვამს, რომ აშშ და ისრაელი არ არიან რომის სტატუტის მონაწილეები, ამიტომ მსგავსი ქმედებები ორივე ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა.

აშშ ალბანეზეს ბრალს სდებს მიკერძოებულ საქმიანობაში, ანტისემიტიზმსა და ტერორიზმის მხარდაჭერაში. ვაშინგტონი უკმაყოფილოა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური მომხსენებლის მოწოდებებითაც, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოიძიოს მსოფლიოში ათეულობით კომპანიის, მათ შორის ამერიკული კომპანიების საქმიანობა.

2025 წლის ივლისის დასაწყისში ალბანეზემ წარმოადგინა მოხსენება, რომელშიც 48 საერთაშორისო კომპანია დაადანაშაულა ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიების „უკანონო ოკუპაციითა და აპართეიდით“ და ღაზის სექტორში „გენოციდით“ სარგებლის მიღებაში.

2002 წელს დაფუძნებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს 120-ზე მეტი ქვეყანა, რომლებსაც ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვთ საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომის სტატუტი.