აქტივისტი ბექა პაპაშვილი და „ლელოს“ სამი წევრი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს

ბექა პაპაშვილი, ბექა ბერიძიშვილი, ოთო ფარულავა და ლევან ჯორბენაძე „ნარკოლოგიურში" გადაიყვანეს.

სამოქალაქო აქტივისტი ბექა პაპაშვილი და „ლელოს“/„ძლიერი საქართველოს“ სამი წევრი პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს.

მათ პოლიციამ ცალ-ცალკე მიაკითხა ქალაქის სხვადასხვა უბანში.

ბექა პაპაშვილთან მისული ერთ-ერთი პოლიციელი მას ეუბნება, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ის იმყოფება ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ:

„ამასთან დაკავშირებით, გადამოწმების მიზნით, ჩვენი მხრიდან რეაგირება რომ მოხდეს, უნდა გადაგამოწმოთ ნარკოტიკულ თრობაზე“.

პაპაშვილი ამ დროს ფეისბუკზე პირდაპირ ეთერში ჩართო მისმა შეყვარებულმა, ქეთევან ხომერიკმა, - სწორედ მასთან იმყოფებოდა აქტივისტი.

„სრულიად სუფთა გახლავართ“, - ამბობს ბექა პაპაშვილი. ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი გადამოწმების მიზნით.

ქეთი ხომერიკი ამბობს, რომ მანამდე მცირე ხნით ადრე ტელეფონზე დაურეკეს, უთხრეს, რომ ფოსტიდან იყვნენ და მისამართი ჰკითხეს.

„ლელოს“ წევრები

„ლელოს“/„ძლიერი საქართველოს“ წევრების ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანის შესახებ ინფორმაცია პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ გაავრცელა.

როგორც კუპრაძე წერს, მათ „მოუწყვეს ჩასაფრება და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში“.

ესენი იყვნენ:

  • ოთო ფარულავა - გენერალური მდივნის მოადგილე
  • ლევან ჯორბენაძე - კოალიციის კომუნიკაციების ხელმძღვანელი
  • ბექა ბერიძიშვილი - პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი

კუპრაძის თქმით, ეს მოხდა „ერთდროულად ქალაქის სხვადასხვა ადგილას, სახლებთან, დიდ დიღომში, საბურთალოზე და ჩუღურეთში“.

„ვცდილობთ ვიპოვოთ და გავიდეთ კავშირზე. ბექა ჯერ სახლთან ყავთ გაჩერებული, ადვოკატები და თანაგუნდელები გზაში არიან“, - წერს კუპრაძე.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2025 წლიდან ნარკოპოლიტიკა - რომელიც, ექსპერტების შეფასებით, არასოდეს ყოფილა „ლიბერალური“, - კიდევ უფრო გაამკაცრა.

ოპოზიციების პოლიტიკოსების ნაწილის შეფასებით, ცვლილებების მიზანია, პროტესტის მონაწილე დემონსტრანტებისათვის „ნარკოტიკების ჩადება“ და ამ საბაბით მათი დაპატიმრება.

ასევე ნახეთ ოცნება ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს და ამას ანტიქართულ იდეოლოგიასთან ბრძოლას არქმევს - რა იცვლება კანონში


ასევე ნახეთ როგორ აქცია მარიხუანის საკითხი "ოცნებამ" „საინტერესო ბიზნესიდან“ კრიმინალად