რუს ტურისტებზე ოკუპირებულ აფხაზეთში გამოთქმულ მორიგ მკვახე შეფასებას მოსკოვში რეაქცია მოჰყვა

საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: სოხუმი

ოკუპირებულ აფხაზეთში რუს ტურისტებთან დაკავშირებით გაკეთებულ მორიგ უხეშ განცხადებას რუსულ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გამოხმაურება მოჰყვა.

ფონდ „აფხაზეთის კინოს“ დირექტორმა ალექსანდრ ბასარიამ რუს ტურისტებზე საუბრისას თქვა, რომ ისინი „ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს“ წარმოადგენენ.

მან ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდა, არ ითანამშრომლონ რუსულ ტურისტულ კომპანიებთან, რომლებიც, მისი სიტყვებით, დემპინგით არიან დაკავებული.

„ტურისტებმა, რომლებიც დღეს აფხაზეთში დასასვენებლად ჩამოვიდნენ, თუნდაც ძალიან იაფი ტურისტული პაკეტებით, უნდა იცოდნენ, რომ მაშინაც კი, თუ საცხოვრებელზე დაზოგეს, დასვენების შესაძლებლობა აქვთ: კლუბები, რესტორნები, დისკოთეკები, პლაჟები, წვეულებები, ექსკურსიები, ყველაფერი, რაც გნებავთ, მაგრამ ეს არაფერი არაა, ისინი საკუთარ პატარა ანკლავებში ცხოვრობენ“, - თქვა ბასარიამ.

ასევე ნახეთ წელზევით შიშველი ტურისტი და ტყვია ფეხში - რა მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთში

რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა, ბასარიას განცხადებაში პოლიტიკური ქვეტექსტი ამოიკითხა და განაცხადა, რომ ბასარიას მიერ მხარდაჭერილმა აფხაზურმა ოპოზიციამ „საპრეზიდენტო არჩევნები“ წააგო, მანამდე პოლიტიკური კრიზისის გამოწვევით.

"ოპოზიციის ბანაკში, პრეზიდენტობის კანდიდატის ბანაკში სხვადასხვაგვარი ადამიანები იყვნენ, არ მინდა ყველას ლაქა მოვაცხო, ისევე როგორც მთლიანად ოპოზიციას. მიმაჩნია, რომ ოპოზიციის დაცემა დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირებით გამსჭვალულებმა გადაკვეთეს წითელი ხაზები და გადაწყვიტეს, რუსეთთან ურთიერთობები შიდაპოლიტიკური დაპირისპირების მიზეზად ექციათ“, - განაცხადა ზატულინმა RTVI-ის კორესპონდენტთან საუბრისას.

დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, აფხაზური ოპოზიციის ზოგმა წარმომადგენელმა "ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატა აფხაზეთის ინტერესების საკეთილდღეოდ, თუმცა ზოგი სხვაგვარად მოიქცა და „ძველი ხაზის ერთგული დარჩა“.

„აფხაზეთში ხელისუფლება გადატრიალებების შედეგად უკვე სამჯერ შეიცვალა. ნებისმიერი შემდგომი ქმედება უბრალოდ საფრთხეს უქმნის რესპუბლიკის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, არსებობას... მათ, ვინც მოვლენების კანონიერ მიმდინარეობას ეწინააღმდეგება, ფაქტობრივად, თავი ჩიხში შეჰყავთ“, - თქვა ზატულინმა.

ასევე ნახეთ 300-რუბლიანი ტურისტები და ზღვის სეზონი აფხაზეთში

ივნისში ოკუპირებულ აფხაზეთში რუს ტურისტებთან დაკავშირებით სკანდალი ატყდა. „ტურიზმის სამინისტროს ნებართვების მიღებისა და გაცემის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა“, კრისტინა ლაკერბაიამ, განაცხადა, რომ ღარიბი ტურისტები არ სჭირდებათ. „მოდიან, რომ, მაპატიეთ და, „დოშირაკი“ (სწრაფი მომზადების წვნიანი) იყიდონ. ჩვენ კი გვინდა, რომ სუვენირები შეიძინონ, ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ასეთი ტურისტი არ გვჭირდება“, - თქვა ლაკერბაიამ.

ლაკერბაიას ეს განცხადება თანამდებობის დაკარგვად დაუჯდა - "ტურიზმის მინისტრმა" ასტამურ ლოგუამ ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან შეხვედრისას თქვა, რომ „ლაკერბაია, რომელმაც თავს უფლება მისცა ისეთი რამ ეთქვა, რასაც საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა, თანამდებობიდან გათავისუფლდა“.

ასევე ნახეთ გაიწვიეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება - OSCE PA სირიას


ასევე ნახეთ ვისთვის „დადგა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის დრო“? - გაიგეთ მეტი მათ შესახებ