უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „არამეგობრული ქვეყნების სამმართველო“ შექმნა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა კიევში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი სტრუქტურა შეცვალა. როგორც მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, ახალი სტრუქტურა „შეესაბამება ომის რეალიებს და საუკეთესო ევროპულ და მსოფლიო დიპლომატიურ პრაქტიკას“.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაუქმდა „განიარაღების“ დეპარტამენტი და შეიქმნა ახალი, „საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის დეპარტამენტი“.

კიდევ რამდენიმე ახალ სამსახურს შორისაა „არამეგობრული ქვეყნების სამმართველო“, რომელშიც სიბიჰას განცხადებით, შეიყვანეს არა მხოლოდ რუსეთი, არამედ მისი თანამზრახველებიც, ისეთები, როგორიც ბელარუსი და ჩრდილოეთი კორეა არიან.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, საუბარია არა ამ ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებზე, არამედ მათგან მომდინარე საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე.

ასევე ნახეთ რუსული „არქტიკული ბრიგადა“  უკრაინაში ბელარუსის გავლით
ასევე ნახეთ პუტინი „ამხანაგ“ კიმს მადლობას უხდის კურსკში „ნეონაცისტების განადგურებაში" დახმარებისთვის

გარდა ამისა, თუ ადრე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთი დეპარტამენტის პრეროგატივა იყო, ახალ სტრუქტურაში ცალკეა ნატოს სამმართველო და ცალკე ევროკავშირის დეპარტამენტი.

კიდევ ერთი, საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტი იმუშავებს, რათა რუსეთსა და მის წარმომადგენლებს აგრესიისა და სისასტიკისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

ასევე ნახეთ სტრასბურგში ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ აგრესიის დანაშაულზე საგანგებო ტრიბუნალის შექმნის შესახებ