„ქართული ოცნების“ დეპუტატები აცხადებენ, რომ დეკლარაციის ტექსტში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე ჩანაწერები მათი ძალისხმევით მოხვდა, მაგრამ - შემდეგ მხარი აღარ დაუჭირეს - ახალ არჩევნებთან დაკავშირებული ჩანაწერის გამო. ამ აქცენტებს ბოლო დღეებში ინტენსიურად ატრიალებს პროსახელისუფლებო მედია.
- „პორტოს დეკლარაციის“ 68-ე მუხლი მოუწოდებს სირიის ახალ ხელისუფლებას, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის “დამოუკიდებლობის” აღიარების გადაწყვეტილება; ასევე მოუწოდებს შეცვალოს გადაწყვეტილება უკრაინის დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებთან მიმართებით და “აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა”.
- 61-ე მუხლის ჩანაწერით, ასამბლეა უარს ამბობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი „არჩევნების“ ლეგიტიმაციის მცდელობებზე, აფხაზეთში 2025 წლის 2 მარტს ჩატარებული „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩათვლით. საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამო ამ პროცესებს ასამბლეა მიიჩნევს გამოწვევად საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.
- 25-ე მუხლში ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს - შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება - გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან და მოხდეს დევნილებისა და ლტოლვილების ღირსეული დაბრუნება საკუთარ სახლებში. აქვეა მოწოდება კონსტრუქციულობისკენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში.
„ქართული ოცნებისთვის“ ამ ჩანაწერების საპირწონე აღმოჩნდა დეკლარაციის 217-ე მუხლი, რომელშიც ასამბლეა ხაზს უსვამს დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას “ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად - უპირატესად ყველა პოლიტიკური პატიმრის მყისიერი გათავისუფლებისა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზით, რომელიც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას“.
ასევე ნახეთ გაიწვიეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება - OSCE PA სირიას ასევე ნახეთ OSCE PA: დაინიშნოს არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, რუსეთთან და ჩინეთთან კავშირები შემაშფოთებელია„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები ყოფილიყო ასახული, მათ შორის, თუნდაც სირიის ნაწილში და ეს იყო ჩვენი მთავარ ძალისხმევა ბოლო დღეებში. სამწუხაროდ, ჯო უილსონმა, მისი მხარდამჭერების დახმარებით, მაინც შეაპარა ამ პროცესში ერთი პატარა, მცირე ჩანაწერი, რომელიც შეეხება საქართველოში ახალი არჩევნების საკითხს. ჩვენმა დელეგაციამ წინააღმდეგ მისცა ხმა და სხვებსაც მოვუწოდეთ, რომ, სამწუხაროდ, სხვა ძალიან კარგი, დადებითი ჩანაწერების მიუხედავად, რომ მხარი არ დაეჭირათ საბოლოო რეზოლუციისთვის, სწორედ ამ კონკრეტული ჩანაწერის გამო“, - აცხადებს მახარაშვილი.
„ქართული ოცნება“ მათთვის მიუღებელ ჩანაწერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიაწერს, რომელთანაც მმართველ პარტიას განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობები აქვს. სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო „ზურგში დანის დარტყმა ქართული საზოგადოებისთვის” და ამ პროცესში მონაწილეობდა უკრაინის დელეგაციაც, რომელიც, მისი თქმით, ყოველთვის “ცდილობენ დააზიანონ ქართველები”.
პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება - თავიდანვე მთავარი მოთხოვნები იყო ქუჩის პროტესტისა, რომელიც საქართველოში 2024 წლის ნოემბერში დაიწყო.
ამ დრომდე, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება “ქართული ოცნებისთვის” არ მიულოცია დასავლეთის ქვეყნების უდიდეს ნაწილს. კონგრესმენი ჯო უილსონი ღიად უჭერს მხარს პროტესტის ამ მოთხოვნას, ხოლო “ქართული ოცნების” ხელისუფლებას რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მეგობრად მოიხსენიებს.
ასევე ნახეთ თურქეთს შუამდგომლობა ვთხოვეთ, რათა სირიამ გაიწვიოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება - სამხარაძე ასევე ნახეთ ოკუპირებული აფხაზეთის "საგარეო მინისტრი" სირიაში იმყოფება"ეს არის ღალატი"
ოპოზიციაში არ უკვირთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნების პარტიული ინტერესები საქართველოს ინტერესებზე მაღლა დააყენა, როცა მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას ჩანაწერით - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.
4 ივლისს, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად -"ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი დევნილების ღალატი". წერია ასევე, რომ - "ივანიშვილის რეჟიმი და საქართველოს ეროვნული ინტერესები შეუთავსებელია".
განცხადებას უერთდება: „კოალიცია ცვლილებისთვის", „ნაციონალური მოძრაობა", „თავისუფლების მოედანი", „სტრატეგია აღმაშენებელი".
„ფაქტი ერთია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სირიას მოუწოდა, ცხინვალისა და აფხაზეთის საქართველოს ნაწილად აღიარება. ეს იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი ღია და პირდაპირი მხარდაჭერა. „ქართულმა ოცნებამ" კი ამას მხარი არ დაუჭირა.
რატომ? იმიტომ, რომ იმავე რეზოლუციაში ეწერა, რომ საქართველოში დემოკრატია და თავისუფალი არჩევნებია საჭირო. ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს. ეუთოს რეზოლუციაზე „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება აჩვენებს, როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი“, - აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე.
ასევე ნახეთ ოთხი პარტია სირიის ლიდერს მიმართავს, გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება ასევე ნახეთ სირიის საგარეო მინისტრს ვთხოვე, აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა - კონგრესმენი უილსონისაერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სირიის ახალ ხელისუფლებაზე ზემოქმედება მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ძალისხმევით არის შესაძლებელი, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ "სრულად გაიფუჭა ურთიერთობები ყველა ჩვენს უახლოეს პარტნიორთან - ევროკავშირის ქვეყნებთან, აშშ-სთან" და "მისასვლელი გზა აღარ დარჩა":
"ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება - საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად გვეხმარებოდნენ არაღიარების პოლიტიკის გატარებაში. იგივე უნდა მომხდარიყო ახლაც - აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა".
გიორგი მელაშვილი გვეუბნება, რომ დახმარება, ცხადია, შეუძლია თურქეთსაც, თუმცა ამ პროცესში ასევე ინტენსიური მუშაობაა საჭირო და მუშაობა, სხვადასხვა გზით, უნდა დაწყებულიყო უშუალოდ სირიასთანაც - მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია.
კრემლმა საქართველოს ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის 26 აგვისტოს გამოაცხადა. 17 წლის განმავლობაში, ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ აღიარა მხოლოდ 4-მა ქვეყანამ - ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ. ეს ნაბიჯი გადადგეს ვანუატუმ და ტუვალუმაც, მაგრამ მათ საბოლოოდ - აღიარება უკან წაიღეს.
სირიიდან რუსეთში გაქცეული ბაშარ ასადის რეჟიმმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები სახელმწიფოებად 2018 წელს აღიარა. საქართველომ სირიასთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა. სირიის ახალი ხელისუფლება დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობს.
ასევე ნახეთ აშშ-ის შემდეგ ევროკავშირიც ამბობს, რომ სირიას სანქციებს მოუხსნისეუთოს საპარლამენტო ასამბლეის [OSCE PA] სესიას პორტო 29 ივნისიდან 3 ივლისამდე მასპინძლობდა.
დეკლარაციასა და საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაში [რომელიც ამ დეკლარაციის ნაწილია] თავმოყრილია ყველა ის კრიტიკული შეფასება, რომელიც დასავლელი პარტნიორებისგან ბოლო წლების განმავლობაში ისმის, მათ შორის: „ძალის არაპროპორციულ გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ”, “ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაპატიმრება და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა”. ასამბლეა აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყენებს ყველა შესაძლო საშუალებას თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად, ახალი კანონების დამტკიცების გზით. დასახელებულია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“, „რადიოსა და ტელევიზიისა“ ["მაუწყებლობის შესახებ"] და „გრანტების“ შესახებ კანონები.
სადავო პარლამენტის დელეგაცია, ჯერ კიდევ პორტოდან, „იმედის“ ეთერიდან, იმაზე ბრაზობდა, რომ სოციალურ ქსელებში და მედიაში შეცდომით გავრცელდა ინფორმაცია - თითქოს მათ მხარი დაუჭირეს პორტოს დეკლარაციას. მაია ბითაძემ, „იმედთან“ საუბრისას, მიანიშნა მცდარი ინფორმაციის შესაძლო შეგნებულ გავრცელებაში „ზოგიერთ ოპო-მედიის" მხრიდან, "რომლის ერთი ნაწილიც, სამწუხაროდ - ფინანსდება ევროპული სახსრებით“.
მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვა, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპონენტებს კვლავ სიცრუეში ადანაშაულებენ. მათთვის პრინციპულია იმის აღნიშვნა, რომ დეკლარაციაში მნიშვნელოვანი ჩანაწერი მათი ძალისხმევით მოხვდა. თუმცა არც იმას უარყოფენ, რომ დეკლარაციას მხარი არ დაუჭირეს.