უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტს

ფოტო არქივიდან. მიტროპოლიტი ონოფრე რუსეთის პატრიარქ კირილეს პორტრეტის ფონზე კიევ-პეჩერის ლავრაში

უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის(УПЦ МП) მიტროპოლიტ ონოფრეს(ერისკაცობაში ორესტ ბერეზოვსკი).

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 2 ივლისს განაცხადა, რომ 2002 წელს ბერეზოვკსიმ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, რის შესახებაც არ აცნობა უკრაინის უფლებამოსილ ორგანოებს და უკრაინის მოქალაქის სტატუსით სარგებლობას განაგრძობდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ბერეზოვსკის კავშირი აქვს მოსკოვის საპატრიარქოსთან და შეგნებულად ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის საპატრიარქოსგან უკრაინის ეკლესიის კანონიკურ დამოუკიდებლობას. უსაფრთხოების სამსახური ხაზს უსვამს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები, მათ შორის პატრიარქი კირილე, ღიად უჭერენ მხარს უკრაინის წინააღმდგ რუსეთის აგრესიას.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბერეზოვსკის უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულების საფუძველზე.

УПЦ-ს სპიკერმა, მირტოპოლიტმა კლიმენტმა უკრაინულ ტელეარხ „სუსპილნეს“ განუცხადა, რომ მიტროპოლიტ ონოფრეს მხოლოდ უკრაინის პასპორტი აქვს და რუსეთისთვის მოქალაქეობის მისაღებად არ მიუმართავს, ამიტომ პრეზიდენტის განკარგულებას გაასაჩივრებს.

უკრაინული მედია ჯერ კიდევ 2023 წელს წერდა, რომ მიტროპოლიტმა ონოფრემ 2000-იანი წლების დასაწყისში მიიღო რუსეთის მოქალაქის პასპორტი.

ასევე ნახეთ უკრაინაში პრორუსული ეკლესიის აკრძალვის ერთ-ერთი მიზეზია სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა
ასევე ნახეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და КГБ: ფაქტები

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აგრესია დაგმო და გამოაცხადა, რომ მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირს წყვეტს. ამასთან, ოფიციალურად ავტოკეფალია არ გამოუცხადებია და როგორც უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, არც მოსკოვთან არ გაუწყვეტია კავშირები.

2024 წელს უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ქვეყანაში აიკრძალა რუსეთთან კავშირის მქონე რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა.

როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, 2025 წლის მაისში ამოიწურა ცხრათვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც, კანონის თანახმად УПЦ-ს უნდა დაემტკიცებინა რუსეთთან კავშირების არარსებობა. ვადის ამოწურვის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ თავად დაიწყო УПЦ-ს შემოწმება.

უკრაინის ხელისუფლების მიერ აღიარებულია მართლმადიდებელი ეკლესია(ПЦУ), რომელსაც 2019 წლის იანვარში ავტოკეფალიის დამადასტურებელი მოწმობა, ტომოსი გადასცა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ.

ასევე ნახეთ მოსკოვის საპატრიარქო ტაძრიდან ხალხმა გაუშვა - კენჭისყრა და ლოცვა უკრაინულად