მეორედ გამოკითხვის წარმოჩენილი მიზეზი ისევ „ჩორჩანის საგუშაგოს“ ხმაურიანი ამბავი იყო.
2 ივლისს ევროპაში მყოფმა გიორგი გახარიამ პირველად თქვა, რომ, „ჩორჩანის საგუშაგოს“ ჩათვლით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სულ შვიდი საგუშაგოს აგება ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ ეს გეგმა საბოტაჟის საგნად იქცა და ეს იყო პირველი "სერიოზული კონფლიქტის" მიზეზი სუსის მაშინდელ ხელმძღვანელობასთან.
2019 წლის აგვისტოში - "ჩორჩანის საგუშაგოს" აშენების დროს - სუსის ხელმძღვანელი იყო ვახტანგ გომელაური, რომელმაც სექტემბერში შს მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია ჩაანაცვლა, როცა თავად გახარია პრემიერ-მინისტრი გახდა. ამის შემდეგ, სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ხდება. გომელაურმა და ლილუაშვილმა ახლახან თანამდებობები დატოვეს. ბევრისთვის კვლავაც ბუნდოვანია, გადადგნენ თუ გაუშვეს.
ამ ორი ყოფილი თანამდებობის პირიდან, თეა წულუკიანი ვახტანგ გომელაურს გამოესარჩლა და გახარიას ურჩია, მის ხსენებამდე პირჯვარი სამჯერ გადაიწერეო.
რუსული საგუშაგოები ქართულის ნაცვლად
გიორგი გახარიას მონათხრობით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შვიდი საგუშაგოს აგების გეგმაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოსა და 2019 წლის დასაწყისში დაიწყო - ბორდერიზაციის საფრთხეების პრევენციისთვის. მას არაერთხელ უთქვამს, რომ "სამხრეთ ოსეთის" საოკუპაციო რეჟიმი დამატებითი ტერიტორიების [1800 ჰექტარი] მიტაცებას 1922 წლის ყალბი რუკის მიხედვით გეგმავდა.
გახარია იხსენებს, რომ გეგმაზე შს სამინისტროსთან ერთად მუშაობდა სუსიც და შესაბამისად, საგუშაგოების კონკრეტული კოორდინატების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ როგორც სუსის მაშინდელ უფროსს, ვახტანგ გომელაურს, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას [EUMM].
მაგრამ 2019 წლის აგვისტოში „ჩორჩანის საგუშაგოს“ აშენების შემდეგ, პროცესი შეჩერდა და „იმ კოორდინატებზე, სადაც უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები, აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის საგუშაგოები“.
„მე გეუბნებით, რომ მოვა დრო, როდესაც შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გაარკვევს - რატომ მოხდა შეფერხება იმ გეგმის დასრულების, რომელსაც სრულად უნდა გაეკონტროლებინა ეს გზა. რა გააკეთა მაშინ შს სამინისტროში გადასულმა გომელაურმა იმისთვის, რომ ეს პროცესი გაეჩერებინა და გეგმა არ მიეყვანა ბოლომდე ან რა გააკეთა მაშინ სუსში დამტკიცებულმა თუ მოადგილის ფუნქციით მოვალეობის შემსრულებელმა ლილუაშვილმა მაშინ, როცა ყველა ეს წერტილი, რომელსაც თქვენ დღეს ამაყად აფრიალებთ, რუსეთის დროშებით - ეს ყველა წერტილი უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები“, - გახარიამ თქვა, რომ საბოტაჟი გარდამავალ პერიოდში მოხდა, როცა მას 2019 წელს შს მინისტრის პოსტიდან პრემიერ-მინისტრად აწინაურებდნენ და „წულუკიანის კომისიას“ საკითხის გამოსაკვლევად კიდევ ერთი კომისიის შექმნისკენ მოუწოდა, თუმცა საპასუხოდ დაცინვა მიიღო.
[ამ ვიდეოში თავმოყრილია დაპირისპირების ყველაზე დაძაბული ეპიზოდები "წულუკიანის კომისიის" 2 ივლისის სხდომიდან.]
„დაანებეთ თავი ამ ვახო გომელაურის კომპლექსში ცხოვრებას“, - მიმართა გახარიას წულუკიანმა, რომელმაც მანამდე მას, გომელაურის ხსენების წინ, პირჯვრის სამჯერ გადაწერა ურჩია.
„ისე აიცილა ქვეყანაში მინიმუმ ოთხი რევოლუცია, რომ არავისთვის თვალი არ გამოუთხრია“, - ესეც წულუკიანის ციტატაა გომელაურის შესახებ.
„დანებებული მაქვს... თვითონ არ დამანება და ახლა მოითმინოს“, - გახარიამ გომელაური სხდომის მიმდინარეობისას არაერთხელ ახსენა და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ის პროკურატურაში დაჰყავთ და „დამსმენად“ აქციეს.
“ჩორჩანის საგუშაგოს” საქმეზე ვახტანგ გომელაური პროკურატურაში 14 ივნისს იყო დაბარებული. გამოკითხვის შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ არაფერი იცოდა ჩორჩანის საგუშაგოს აგების შესახებ, „შეთანხმებული არ ყოფილა” და ამბავი მხოლოდ პოსტფაქტუმ გაიგო.
შესაძლო საბოტაჟის დეტალებით არც კომისიის სხვა წევრები არ დაინტერესებულან. ეს მონათხრობი გახარიას აღიარებად ჩაუთვალეს. „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, სოზარ სუბარის ლოგიკით: თუკი რუსებმა საგუშაგოები წინასწარ მონიშნული ტერიტორიებზე ააგეს, ხოლო ეს ტერიტორიები თბილისის მიერ კონტროლირებულ ზონაში იყო, მაშინ გამოდის, რომ საქართველოს დამატებითი ტერიტორიები დაუკარგავს.
თეა წულუკიანმა იკითხა: რატომ ვერ შეძლო თავად გახარიამ უკვე პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გაეგრძელებინა საგუშაგოების დადგმა - ის ხომ ყველას უფროსი გახდა. “ვიღაცამ დრო იხელთა იქ იმიტომ, რომ გამბედაობა არ ეყო, საქმე ბოლომდე მიეყვანა, ეტყობა “დიპ სტეიტიდან” დაურეკეს”, - უპასუხა გახარიამ.
წულუკიანი: “თქვენ სად იყავით ამ დროს, პრემიერ-მინისტრი კაცი?”
გახარია: “მე ამ დროს პარლამენტში ვიყავი, დეპუტატების კითხვებს ვპასუხობდი, რომლებმაც მერე ხმა მომცეს, თურმე “დიპ სტეიტის” დავალებით”;
წულუკიანი: “თქვენ ის იყავით, ხომ, “ნაცებო, დაგასრულებთო” და ახლა “ნაცებთან” ერთად რომ ხართ კოალიციაში?!”
გახარია: “ნაცები” თქვენი დასასრულებელია, “ნაცები” თქვენთან არიან, მიქანაძე გყავდათ იქ”. [“ქართული ოცნების” განათლების მინისტრად ახლახან დანიშნულ გივი მიქანაძეზე გახარიამ თქვა, რომ შს სამინისტროში მიშაობის დროს, ის სისტემიდან გააგდო].
ასევე ნახეთ სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში - დამაჯერებელია ეს?ჯონჯოლი გამოგვიტანე...
სხდომის დასაწყისში გახარიას სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა უჩვენა ქაღალდი რუკის ფრაგმენტით - იასამნისფრად მონიშნულ ნაწილზე მსხვილი წარწერით - 1 000 000 კვადრატული მეტრი.
ეს სწორედ ის ფართობია [100 ჰექტარი], რომლის დაკარგვაშიც „წულუკიანის კომისია“ გახარიას ადანაშაულებს. სადავო პარლამენტის კომისიას უკვე დიდი ხანია აქვს მყარი პოზიცია, რომ შს მინისტრმა საგუშაგო თვითნებურად, ყველასაგან დაუკითხავად ააგო.
გახარიას ბევრჯერ მიანიშნეს, რომ პროკურატურაში დაიბარებენ.
წულუკიანი გახარიას უჩვენებს წინასწარ მომზადებულ რუკას. ასეთი ფურცლები კომისიის ყეველა წევრს ცალ-ცალკე ჰქონდა ამობეჭდილი.
ყოფილი შს მინისტრი უარყოფს, რომ საოკუპაციო ხაზი შეიცვალა და სიღრმეში გადმოიწია. ის თვლის, რომ, პირიქით - „ჩორჩანის საგუშაგოს“ აშენებით, გაცილებით დიდი ტერიტორია ბორდერიზაციას გადაურჩა.
გახარიას სხდომაზე არაერთხელ უთხრეს, რომ ცრუობს და რომ მაგალითად, სოფელ წაღვლის მოსახლეობა ვეღარ შედის ტყეში, საიდანაც უწინ ინერტული მასალა და ჯონჯოლი გამოჰქონდა. არაერთხელ ახსენეს ელგუჯა ხარაზიშვილი, რომელიც კომისიამ 11 ივნისს გამოჰკითხა. ის თეა წულუკიანმა წინასწარ არაერთხელ წარადგინა სოფელ ჩორჩანის მკვიდრად, მაგრამ კაცი სოფელ წაღვლიდან აღმოჩნდა.
„შესაბამისად თქვენ აცხადებთ, რომ ბატონმა ელგუჯამ იცრუა?“ - წულუკიანის შეკითხვას გახარიამ უპასუხა: „არა, მე ეს არ მითქვამს. თქვენთან შედარებით ბატონი ელგუჯა ბევრად უფრო ღირსეული ადამიანია“.
„ხალხის ძალის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, გურამ მაჭარაშვილი, ირონიულად დაინტერესდა, როცა "უცხოეთიდან" ჩამოვა, წაჰყვება თუ არა გახარია ბატონ ელგუჯას ტყეში.
მაჭარაშვილი: „გაყევი ბატონ ელგუჯას იმ ტყეში, ერთხელ შეიყვანე მარტო“.
გახარია: „თქვენი საქმე არ არის“.
მაჭარაშვილი: "იმიტომ არ არის, რომ ვერ შეიყვან".
გახარია: "ელგუჯა ხარაზიშვილს, თქვენგან განსხვავებით, მე არ გამოვიყენებ".
მაჭარაშვილი: "კარგი, კარგი, არავის შეყვანა არ გინდა... მარტო შედი იმ ტყეში მაშინ".
თეა წულუკიანი: "და ჯონჯოლი გამოგვიტანე".
კი არ დააკავეს, არამედ შეაჩერეს
გამოკითხვის ერთ ეპიზოდში “წულუკიანის კომისია” დაჟინებით უმტკიცებდა გახარიას, რომ ჩორჩანის ტყეში, საგუშაგოს აგებამდე, რუსებს არავინ დაუკავებიათ.
ასევე ნახეთ როგორ გამოკითხა წულუკიანის კომისიამ წაღვლელი კაცი "ჩორჩანის საგუშაგოზე"გახარია: "ზუსტად ამ ტყეში დააკავეს მონადირე, როგორც მახსოვს... წაართვეს იარაღი, არ დააკავეს და უთხრეს, ჩადი სოფელში და გააფრთხილე ყველა, რომ ეს არის სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და თქვენი ფეხი აქ მეორედ არ დავინახოთო, ეს ყველაფერი EUMM-ის მასალებშიც არსებობს და სუსის მასალებშიც".
წულუკიანი: "შესაბამისად, კი არ დააკავეს, არამედ შეაჩერეს, იყო შეიარაღებული, გასაგებია - მონადირე შეიარაღებულია".
გახარია: "ვინ შეაჩერა, როგორ ფიქრობთ?"
წულუკიანი: "მეორე მხარემ, მტრულმა მხარემ".
გახარია: "ვის ტერიტორიაზე მოხდა ეს?"
წულუკიანი: "ჩვენს ტერიტორიაზე".
გახარია: "ესე იგი საქართველოს მოქალაქეებს შეიარაღებული ოკუპაციის ძალების წარმომადგენლები აჩერებდნენ".
წულუკიანი: "აჩერებდნენ და არა აკავებდნენ, შეაჩერეს, განაიარაღეს და გამოუშვეს უკან".
გახარია: "აა, გადავრჩით. რომ არ მოკლეს, მადლობა უნდა ვთქვათ?!"
წულუკიანი: "თქვენ თქვით, რომ აკავებდნენო და აღმოჩნდა, რომ კი არ აკავებდნენ, შეაჩერეს, განაიარაღეს და გამოუშვეს უკან".
გახარია: "მეგობრულად შეაჩერეს და განაიარაღეს, ამას მეუბნებით, ხომ?!"
წულუკიანი: "მოდით, სპეკულაციებს…"
გახარია: "საქართველოს ტერიტორიაზე ვიღაცები, სეპარატისტები მოქალაქეს აჩერებენ, განაიარაღეს, გამოუშვეს და ეს ნორმალურია?!"
წულუკიანი: "ნორმალური ეს არ არის, მაგრამ თქვენ იცრუეთ, როცა თქვით, რომ დააკავეს".
გახარია: "დაკავებებიც იყო იქ".
მოგვიანებით, კომისიის წევრები ამ თემას კვლავ დაუბრუნდნენ და გახარიას უთხრეს, რომ ჩორჩანის ტყეში არავინ დაუკავებიათ.
„ჩორჩანის საგუშაგოს“ აგების მთავარ მოტივაციად, გიორგი გახარია კვლავინდებურად ასახელებს იმას, რომ იმ ტერიტორიაზე პატრულირებდა მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმი, ხოლო ქართული მხარე პატრულირებას ვერ ახერხებდა - რაც საფრთხეებს ქმნიდა.
2019 წელს საოკუპაციო რეჟიმი საჯაროდ ლაპარაკობდა 1922 წლის გამოგონილ რუკაზე, რომლის მიხედვითაც, ჩორჩანის ტერიტორიას საკუთრებად თვლიდნენ. ამ საკითხს ე.წ. პრეზიდენტი ბიბილოვი ლობირებდა და მან „სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიაც“ შექმნა.
ასევე ცნობილი იყო, რომ საოკუპაციო რეჟიმს აინტერესებდა ტალკის საბადო, ჩორჩანის ტერიტორიაზე. მსჯელობდნენ სხვა სასარგებლო წიაღისეულზეც - ნეფრიტზე, ნიკელზე, სტეატიტებზე, სერპენტინსა და მარმარილოზე. ამ ტერიტორიების შესახებ ოკუპირებული რეგიონის ტელევიზიაში სიუჟეტებს ამზადებდნენ.
- ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია [EUMM] – თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა, საგუშაგო 20-24 აგვისტოს მოაწყო და ეს „საგუშაგო მდებარეობს დაახლოებით 240 მეტრის მოშორებით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე“.
- EUMM ასევე აღნიშნავს, რომ 2019 წლის იანვრიდან გამოჩნდა „ფერადი მონიშვნები ხეებზე წნელისსა და ჩორჩანას შორის ტერიტორიაზე“ და რომ მისიამ ეს შეაფასა, როგორც „ბორდერიზაციის“ ნიშნები“ - თუმცა „ამ მონიშვნებზე პასუხისმგებლობა არ აიღო არცერთმა მხარემ“.
ბორდერიზაციისთვის დამახასიათებელი მონიშვნები პირველად "ანტისაოკუპაციო მოძრაობამ" აღმოაჩინა. ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ თქვა, რომ “ჩორჩანის საგუშაგომ” გაამართლა, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ მეტი საგუშაგოს აგება იყო საჭირო.
გაიქეცით
2 ივლისს სხდომაზე დისტანციურად ჩართულ გიორგი გახარიას "წულუკიანის კომისიამ" მოსთხოვა მტკიცებულებები, რომ მას ევროპაში ვიზიტი მანამდე ჰქონდა დაგეგმილი, ვიდრე 13 ივნისს, დილის 9 საათზე მიიღებდა კომისიის უწყებას მორიგი დაბარების შესახებ.
წულუკიანმა თქვა, რომ ერთი გზის ბილეთი გახარიამ 14:30 საათზე შეიძინა - უწყების ჩაბარების შემდეგ.
წულუკიანი: "რა საჭირო იყო ქვეყნიდან ასე უცბად გაქცევა, რა ხდება ამ კომისიაზე ასეთი?!"
გახარია: "ეს კომისიის კვლევის საგანია ახალი?! "ნაცები" უკვე გააუქმეთ და ახლა იკვლევთ, მე ბილეთი როდის ავიღე?!"
"მე ქვეყნიდან გასვლა დაგეგმილი მქონდა დიდი ხნის წინ, უნდა დავსწრებოდი [გერმანიის] სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) კონგრესს. შემოდგომაზე სოციალ-დემოკრატიული ოჯახის პარტიებში უნდა განიხილონ ჩვენი პარტიის გაწვრიანების საკითხი", - თქვა გახარიამ, რომელსაც არც ამჯერად არ დაუჯერეს.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისი ხელახლა დაბარების შესახებ 16 ივნისს გაირკვა. გახარიამ მაშინაც დისტანციურად ჩართვა მოითხოვა, მაგრამ უარი უთხრეს.
2 ივლისს, „წულუკიანის კომისიის“ სხდომაზე დისტანციურად ჩართვამდე რამდენიმე საათით ადრე, გიორგი გახარიას პარტიის - „გახარია საქართველოსთვის“ - 12 წარმომადგენელს სადავო პარლამენტში სადეპუტატო მანდატები გაუუქმეს. რადგან პარტიის სია "ჩახსნილი" არ არის, პროცედურულად, შესაძლებელია, რომ სადეპუტატო უფლებამოსილება ადგილმონაცვლე სხვა 12 წევრს მიენიჭოს.
„დღეს, ერთპარტიული რეჟიმის სახით მოქმედმა „ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად მისცა ხმა პარტიის „საქართველოსთვის“ 12-ვე მანდატის გაუქმებას... ჩვენი მანდატების გაუქმება არასოდეს შეეხებოდა პროცედურებს, ეს უკავშირდება გზის გაწმენდას პოლიტიკურად მოტივირებული დევნისთვის, იმუნიტეტის მოხსნას ყალბი ბრალდებების წაყენების წინ და დიდი პოლიტიკური საფრთხის აღმოსაფხვრას მუნიციპალური არჩევნებისთვის", - დაწერა გახარიამ X-ზე, სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე.
ტექსტში ასევე მითითებულია, რომ ეს არის ნაცნობი სურათი - "კრემლის სახელმძღვანელოდან ამოხეული ფურცელი".
პარტია "გახარია საქართველოსთვის" გეგმავს 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ეს გიორგი გახარიამ "წულუკიანის კომისიის" სხდომაზეც დაადასტურა. პროევროპული ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.