ელჩი დანიგანი: დღესაც ბევრს უწევს დემოკრატიის დაცვისთვის ბრძოლა

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი

აშშ-ის დამოუკიდებლობის 249-ე დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ელჩმა რობინ დანიგანმა დემოკრატიის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. „წელს, ვიდრე ოდესმე, ვცდილობ უფრო ღრმად გავიაზრო დემოკრატიის არსი“, - თქვა მან.

„დღესაც ბევრს უწევს დემოკრატიის დაცვისთვის ბრძოლა - პოლიტიკურ ოპონენტებს ემუქრებათ პატიმრობა, სამოქალაქო საზოგადოება სამიზნედ იქცა, ხოლო განსხვავებული შეხედულებების მქონე მოქალაქეები „რადიკალებად“ იწოდებიან.

როგორც ვიცე-პრეზიდენტმა თქვა: „თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს თქვენი ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით“, - თქვა ელჩმა დანიგანმა.

ელჩი დანიგანი თვის ბოლოს საქართველოს ტოვებს - ის და მისი ქმარი 33-წლიან დიპლომატიურ კარიერას ასრულებენ:

„საქართველოში ჩამოსვლის დღიდან თქვენ გაგვიღეთ თქვენი გულები და სახლები. და გვაგრძნობინეთ, რომ ქართულ ოჯახს ვეკუთვნოდით. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს მეგობრები. ჩემი გულის ნაწილი აქ დარჩება. არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიული მომავლის რწმენას“.

ასევე ნახეთ აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე 4 ივლისს აღინიშნება, საქართველოში კი ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს, 2 ივლისს გაიმართა. ღონისძიებას არ ესწრებოდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ბოლო პერიოდში, წელს პირველად საქართველოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ისე აღინიშნება, რომ მას შეჩერებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობა.

2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან მას შემდეგ აირია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოწოდებების მიუხედავად, მიიღო „აგენტების კანონი“, ქუჩაში გამოსული დემონსტრაციები კი ძალის გამოყენებით დაშალა.

საპასუხოდ აშშ-მა სანქციები დაუწესა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. სანქციების დაწესება 2024 წლის ივნისში დაიწყო და მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა - ჯამში საუბარია 100-ზე მეტ ადამიანზე.