უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 2 ივლისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკრაინას შეუტია 4 მართვადი საზენიტო რაკეტით ეს-300 და 114 დამრტყმელი დრონით.
საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინის ჩრდილოეთში, სამხრეთსა და აღმოსავლეთში 79 უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს.
სარდლობა ადასტურებს 14 ადგილზე რუსული დრონებით დარტყმას და 2 ადგილზე მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენას.
ასევე ნახეთ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა უკრაინისთვის ზოგიერთი სახეობის იარაღის მიწოდებასაოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების მონაცემებით, დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ხარკოვის ოლქში, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქში და ოთხი - ხერსონის ოლქში. დაზიანებულია სახლები და საწარმოები.
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, გასულ ღამით რუსმა სამხედროებმა ხერსონზე იერიში მიიტანეს არტილერიითაც. დაზიანებულია საავადმყოფოს შენობა, დაშავდა 5 პაციენტი და 3 ექთანი.
1 ივლისიდან 2 ივლისის ღამით დრონებით შეტევა იყო ოდესის ოლქზე, სადაც საპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
უკრაინის ამ რეგიონზე რუსეთის ჯარების მორიგი შეტევის გამო მეზობელი რუმინეთის არმიის სარდლობამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში სიტუაციის მონიტორინგისთვის გაგზავნა F-16 ტიპის ორი თვითმფრინავი. გასულ თვეებში იყო არაერთი შემთხვევა, როცა რუსული დრონები რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის თავდასხმები, რაც საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა.