თუ „გზის გადაკეტვის“ ჯარიმას არ გადაიხდიან, შემდეგი დარღვევისთვის დააპატიმრებენ - „ქართული ოცნების“ ახალი ინიციატივა​

ფოტო არქივიდან: მე-11 მოწვევის სადაო პარლამენტის პირველი სხდომა

„ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში კიდევ ერთი კანონპროექტი დააინიციირა, რომლითაც კიდევ უფრო გამკაცრდება კანონი დემონსტრანტების წინააღმდეგ - თუკი სამართალდამრღვევად მიჩნეული ადამიანი მისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, შემდეგ დარღვევაზე პატიმრობა დაემუქრება.

კანონპროექტი სადავო პარლამენტში დაჩქარებული სახით განიხილება, რაც ნიშნავს, რომ მისი მიღება ამავე კვირაშია შესაძლებელი.

გადაუხდელი ჯარიმის შემთხვევაში, პატიმრობაში გაუშვებენ ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც სამართალდამრღვევად ცნობენ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული ოთხი მუხლიდან ერთ-ერთით:

  • 166 მუხლი - წვრილმანი ხულიგნობა;
  • 173 მუხლი - პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა;
  • 17316 მუხლი - თანამდებობის პირების შეურაცხყოფა ან ლანძღვა-გინება;
  • 1741 მუხლი - შეკრებისა და მანიფესტაციების წესის დარღვევა: გზის გადაკეტვა, აქციაზე ლაზერის ფლობა, სახის ნიღბით დაფარვა, სასამართლოში ან მოსამართლის სახლთან აქციის ჩატარება.

მოქმედი კანონმდებლობა მოსამართლეებს უფლებას აძლევდა, თავად აერჩიათ, რომელიმე ამ დარღვევის ჩადენისთვის პატიმრობას გამოიყენებდნენ თუ ჯარიმას, თუმცა ახალი კანონპროექტი მათ ავალდებულებს, მეორე დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეები პატიმრობაში გაუშვან.

დოკუმენტი სადავო პარლამენტში 25 ივნისს დარეგისტრირდა, 30 ივნისს კი „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „მსოფლიოში არ ხდება ასეთი რამ, რომ 150 კაცი, ხანდახან 100 და 50 კაცი, კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს. ეს აბსოლუტურად უპრეცედენტო მოვლენაა, ამას სჭირდება ჯარიმებით დაპირისპირება“.

კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ამ კვირაში სადავო პარლამენტში ორი რიგგარეშე სხდომაა დანიშნული, რაც ნიშნავს, რომ ამ კანონპროექტის კანონად გადაქცევა ამ დღეებშივე შესაძლებელია.

ეს არის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ის მუხლები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხშირად იყენებს პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ. ამ ინიციატივამდე კანონი გამკაცრდა: დასჯადი გახდა აქციაზე ყოფნის დროს ნიღბის ხმარება ან ლაზერის ფლობა, 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა გზის გადაკეტვისთვის, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა „შეურაცხყოფა“ და „ლანძღვა-გინება“ კი დასჯადი გახდა.