კანონპროექტი, - რომელიც ითვალისწინებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, - პარლამენტში 25 ივნისს შეიტანეს და 30 ივნისს გასაჯაროვდა.
ავტორებად და ინიციატორებად პარლამენტის საიტზე მითითებულნი არიან „ქართული ოცნების“ და მისი განაყოფის, „ხალხის ძალის“ წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და აკაკი ალადაშვილი.
ცვლილებების თანახმად:
- საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხოელის „გამოვლენის“, მისი საცხოვრებლის „გადამოწმების“ ან მისი სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია, „შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი ან შევიდეს სხვაგვარ კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე“.
- ამასთან, კერძო საკუთრების თანამესაკუთრის ან თანამფლობლის ან სამუშაო ადგილის დამსაქმებლის თანხმობა საკმარისია შემოწმების მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩასატარებლად.
- მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც იარსებებს „გადაუდებელი აუცილებლობა“ და „დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა“ ან მისი „დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა“, შსს უფლებამოსილია, „დაიწყოს საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება“ და მხოლოდ ამის შემდეგ, პოსტ-ფაქტუმ, 24 საათის განმავლობაში, შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს.
- „შუამდგომლობის წარდგენისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობდა შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა“, - წერია კანონპროექტში.
განმარტებით ბარათში ავტორები წერენ, რომ „უკანონო მიგრანტის აღმოჩენა და მისი იდენტიფიცირება“ განსაკუთრებულად რთულია, რაც „მნიშვნელოვნად აფერხებს სამართლებრივი რეაგირების ეფექტიანობას“.
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
პლენარულ სესიაზე კანონპროექტის პირველად სავარაუდო თარიღად პირველი ივლისია მითითებული.
განმარტებით ბარათში დაზუსტებულია ისიც, რომ შსს-ის „უფლებამოსილი ორგანო“ იქნება მიგრაციის დეპარტამენტი.
ასევე ნახეთ საქართველოდან გაძევება გაიოლდება, შემოსვლა გართულდება - წავიკითხეთ ახალი საკანონმდებლო პაკეტი2025 წლის დასაწყისიდან „ქართულმა ოცნებამ“ მიგრაციული კანონმდებლობა რამდენიმე მიმართულებით გაამკაცრა.
სადავო პარლამენტის მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ცვლილებით, შემოიღეს ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე – ქვეყნიდან გაძევება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, მისი გამოყენება მოხდება მათ მიმართ, ვინც „სჩადის კონკრეტულ გადაცდომებს, როგორებიც არის, მაგალითად, წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა, შეკრება-მანიფესტაციების წესის დარღვევა“.
საქართველოდან 2025 წლის პირველ ხუთ თვეში უფრო მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს, ვიდრე მთლიანად 2024 წელს.
2024 წელს საქართველოდან 363 უცხოელი გააძევეს, მათ შორის აზერბაიჯანის 71, ირანის 54, თურქეთის 31, ინდოეთის 33, ნიგერიის 31, რუსეთის 20 მოქალაქე.
2025 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით კი, 394 უცხოელის გაძევებაზეა ცნობილი.
ასევე ნახეთ საქართველოდან 5 თვეში უფრო მეტი უცხოელი გააძევეს, ვიდრე 2024 წლის 12 თვეში