ბელგრადში სერბეთის პოლიცია ანტისამთავრობო პროტესტს დაუპირისპირდა

სერბეთის პოლიცია აკავებს ანტისამთავრობო აქციის მონაწილე დემონსტრანტს, ფოტო გადაღებულია 28 ივნისს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში.

სერბეთის პოლიცია ბელგრადში გამართულ მასშტაბურ ანტისამთავრობო აქციაზე დემონსტრანტებს დაუპირისპირდა. აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებსა და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის 12-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვდნენ.

დაახლოებით 140 000 დემონსტრანტი შეიკრიბა დედაქალაქში — ეს იყო ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია, რომელსაც სტუდენტების ინიციატივით დაწყებული მოძრაობა ხელმძღვანელობდა. ისინი სკანდირებდნენ: „არჩევნები გვინდა!“

დრონის კადრში ჩანან სერბი სტუდენტები და სხვა დემონსტრანტები, რომლებსაც ჩართული აქვთ მობილურის სანათი საპროტესტო აქციაზე.

ათობით ადამიანი დააკავეს, სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები.

პრეზიდენტმა ვუჩიჩმა უცხო ქვეყნის მიერ დაგეგმილი შეთქმულების მონაწილეებად გამოაცხადა არჩევნების მოთხოვნით გამოსული დემონსტრანტები, რომლებიც "ცდილობდნენ ქვეყნის მიტაცებას".

„მათ სურდათ სერბეთის დამხობა, მაგრამ ვერ მოახერხეს“, — დაწერა მან საკუთარ Instagram-ზე.

პოლიცია აკავეს ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილე დემონსტანტს, რომელსაც ფიზიკური დაზიანება აქვს.

დაზიანებულ დემონსტრანტეს ეხმარებიან აქციის სხვა მონაწილეები

27 ივნისს, პარასკევს, ხუთი ადამიანი დააკავეს, ისინი ბრალდებულნი არიან მთავრობის დამხობის დაგეგმვაში — ნათქვამია სერბეთის უმაღლესი სასამართლოს განცხადებაში.

შეტაკებების შემდეგ, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მკაცრად გააკრიტიკა დემონსტრანტების მხრიდან გამოვლენილი ძალადობა და განაცხადა, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი იქნება დაკავებული.

რამდენიმეთვიანმა საპროტესტო გამოსვლებმა სერბეთში, მათ შორის უნივერსიტეტების დახურვამ — შეარყია ვუჩიჩის მმართველობა - წერს BBC. მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა 2027 წელს სრულდება, როდესაც საპარლამენტო არჩევნებიცაა დაგეგმილი.

პრეზიდენტი უარს ამბობს ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე. პროგრესული პარტიის კოალიციას პარლამენტში 250 მანდატიდან 156 აქვს.

პროტესტი სერბეთში, ფოტო გადაღებული 2025 წლის 28 ივნისს.

პროტესტი სერბეთში, ფოტო გადაღებული 2025 წლის 28 ივნისს.

ოპონენტები ვუჩიჩს და მის მოკავშირეებს სდებენ ბრალს ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირებში, კორუფციაში, ოპონენტებზე ძალადობასა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაში — რასაც ვუჩიჩის გუნდში უარყოფენ.

ვუჩიჩი ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობას რუსეთთან. მიუხედავად იმისა, რომ სერბეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, ის არ შეუერთდა დასავლურ სანქციებს, რომლებიც მოსკოვს უკრაინაში შეჭრის გამო დაეკისრა.

სტუდენტებმა, ოპოზიციამ, მასწავლებლებმა, მუშებმა და ფერმერებმა დემონსტრაციები გასული წლის დეკემბერში დაიწყეს, მას შემდეგ, რაც 1 ნოემბერს ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევამ 16 ადამიანი იმსხვერპლა. მომიტინგეები კატასტროფას სისტემურ კორუფციას აბრალებენ.

აღნიშნულ შემთხვევას უკვე მოჰყვა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გადადგომა.

შაბათის აქციის დასასრულს ორგანიზატორებმა დემონსტრანტების აუდიომიმართვა გაუშვეს, რომელშიც მოუწოდეს მოქალაქეებს: „თავისუფლება საკუთარ ხელში აიღეთ“ და აანთეთ „მწვანე შუქი“ მოქმედებისთვის.

„ხელისუფლებას ჰქონდა ყველა შესაძლებლობა და საკმარისი დრო, რომ პასუხი გაეცა მოთხოვნებზე და თავიდან აერიდებინა ესკალაცია,“ - წერენ ორგანიზატორები Instagram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. - „მაგრამ ამის ნაცვლად მათ ძალადობა და ხალხის წინააღმდეგ რეპრესიები აირჩიეს. სიტუაციის შესაძლო რადიკალიზაცია მხოლოდ მათ პასუხისმგებლობაზეა“.