“ქართული კვალიც ჯერ ბოლომდე ამოწურული არ არის” - Daily Mail-ის კორესპონდენტი ბლეიზ მეტრეველის ბიოგრაფიის გამოძიებაზე 

ენდრიუ იერინგი: "ოჰ, ეს ამბავი ამით არ მთავრდება. წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. მოდი, ასე ვთქვათ – ქართული კვალიც ჯერ ბოლომდე ამოწურული არ არის..."

„ვერასდროს წარმოვიდგენდით, სადამდე მიგვიყვანდა ეს კვალი…“ — ამბობს ენდრიუ იერინგი, ბრიტანული The Daily Mail-ის უფროსი რეპორტიორი.

ის ერთ-ერთი თანაავტორია საგამოძიებო სტატიისა, რომლის ეპიცენტრშიც ბრიტანული დაზვერვის ახალი უფროსი, ბლეიზ მეტრეველი და მისი დაუჯერებელი ოჯახური ისტორია აღმოჩნდა.

იერინგი რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურთან საუბარში დეტალურად ჰყვება, როგორ გავიდა მისი გუნდი მეტრეველის ქართული გვარიდან ნაცისტ კოლაბორაციონისტ ბაბუამდე, რას ფიქრობენ MI6-ში და რატომ სჯობდა, რომ ეს ამბავი ჯერ ბრიტანულ მედიაში მოხვედრილიყო — ვიდრე პირდაპირ კრემლის პროპაგანდას ჩავარდნოდა ხელში.

რადიო თავისუფლება: პირველ რიგში, რამ გიბიძგათ, რა იყო ის მიზეზი, რამაც ამ ისტორიის გამოკვლევა გაფიქრებინათ? მით უმეტეს, როცა, როგორც თავადვე სწორად აღნიშნავთ სტატიაში, MI6-მა ტრადიციულად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბლეიზ მეტრეველის ცხოვრება მაქსიმალურად დაფარულიყო და დეტალები ნაკლებად გასაჯაროებულიყო?

ენდრიუ იერინგი: სიმართლე გითხრათ, მაშინ შვებულებაში ვიყავი. სიცილიაში სანაპიროზე ვიწექი და ვცდილობდი, ცოლისთვის მიცემული პირობა ამესრულებინა - ერთხელ მაინც, ერთი კვირით დამევიწყებინა სამსახური.

მაგრამ, როცა ვნახე ახალი ამბავი, რომ MI6-ის ახალი უფროსი გვყავს, თანაც ისტორიაში პირველად - ქალი, და გვარად კი მეტრეველია, რომელიც, როგორც ჩემმა ქართველმა ცოლმა დაუყოვნებლივ მაცნობა - ქართული გვარი იყო, შვებულებამ თავდაპირველი მიმზიდველობა ცოტათი დაკარგა. საქართველო უკიდურესად საინტერესო, მრავალმხრივი ქვეყანაა და ჩავთვალე, რომ თუ ქალბატონ მეტრეველის წინაპრებიც ისეთივე შთამბეჭდავები იყვნენ, როგორიც თავად ბლეიზია, მაშინ აუცილებლად იარსებებდა საინტერესო, მოსაყოლი ამბები იმის შესახებ, როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში და მერე როგორ მოხვდნენ ბრიტანეთში. მალევე დავუკავშირდი ჩემს ქართველ კოლეგას თბილისში, ვისთანაც წლების განმავლობაში არაერთ თემაზე მიმუშავია და თავდაპირველი გეგმები დავაწყვეთ. ცოლმაც, ამაყმა, არისტოკრატმა ქართველმა ქალმა, ცნობისმოყვარეობას ვეღარ გაუძლო და დიდსულოვნად დამრთო ნება - კარგი, ჰო, იმუშავეო. ასე დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა, მაგრამ მაშინ ვერასდროს წარმოვიდგენდით, სადამდე მიგვიყვანდა ეს კვალი...

ქართველმა ისტორიკოსებმა – ბექა კობახიძემ და გიორგი ასტამაძემ – კვანძის გახსნაში კოლოსალური როლი ითამაშეს: სწორედ მათ აღმოაჩინეს გერმანიის არქივებში რამდენიმე ტომიანი მასალა კონსტანტინ დობროვოლსკიზე...

რადიო თავისუფლება: რომ განვავრცოთ – მოგვიყევით, როგორ განვითარდა თვითონ გამოძიების პროცესი: მეტრეველის გვარიდან როგორ დაადექით საბოლოოდ კონსტანტინ დობროვოლსკის კვალს?

ენდრიუ იერინგი: ყოველთვის იწყებ გენეალოგიური ხის აგებით – საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის გამოყენებით: დაბადების მოწმობები, ქორწინების მოწმობები, გაზეთების ამონაწერები და სოციალური ქსელები. მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ინტერნეტში ქალბატონ მეტრეველზე თითქმის არაფერი იძებნებოდა. ცოტაოდენი ინფორმაცია ვიპოვეთ მამაზე – კონსტანტინ მეტრეველზე, რომელიც თავის მხრივ, ძალიან შთამბეჭდავი ადამიანია – ცნობილი რადიოლოგი, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი ჰონგ-კონგში გაატარა. პირველი მნიშვნელოვანი ძაფი იყო 1966 წლის ამონაწერი „London Gazette“-იდან, რომელიც ბრიტანეთის ოფიციალური ჟურნალია. იქ ეწერა, რომ ქალბატონ მეტრეველის მამას სინამდვილეში კონსტანტინ დობროვოლსკი ერქვა და ჰქონდა მეორე იდენტობაც: „იცნობენ, როგორც კონსტანტინ მეტრეველს“. მივედი ეროვნულ არქივში, სადაც ინახებოდა მისი ნატურალიზაციის მოწმობა, სადაც ეწერა როგორც კონსტანტინის დაბადების თარიღი და ადგილი, ასევე მშობლების სახელები. ამ ეტაპისთვის ვმუშაობდით ჰიპოთეზაზე, რომელიც მყარდებოდა უკრაინულ არქივებში დაცული ცნობებით დობროვოლსკების რამდენიმე ოჯახზე. ამ ვერსიით, ქალბატონ მეტრეველის ბებია და ბაბუა იყვნენ უკრაინელი წყვილი, რომლებიც ე.წ. ოსტარბაიტერები იყვნენ - ნაცისტების მიერ იძულებით გადასახლებულები, ბერლინთან რკინიგზაზე მუშაობდნენ იძულებით. მაგრამ ნატურალიზაციის მოწმობამ გვაჩვენა, რომ არასწორი დობროვოლსკის ოჯახს მივყვებოდით. კონსულტაციები გვქონდა ისტორიკოსებთან – როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში – და ნელ-ნელა, გამორიცხვის მეთოდით, მივედით „ნამდვილ“ კონსტანტინ დობროვოლსკიმდე, ცნობილ ნაცისტ კოლაბორაციონისტამდე სნოვსკში. სწორედ აქ, დიდებულმა ქართველმა ისტორიკოსებმა – ბექა კობახიძემ და გიორგი ასტამაძემ – კვანძის გახსნაში კოლოსალური როლი ითამაშეს: სწორედ მათ აღმოაჩინეს გერმანიის არქივებში რამდენიმეტომიანი მასალა კონსტანტინ დობროვოლსკიზე, რომელიც საკმაოდ შემაშფოთებელი წასაკითხი აღმოჩნდა, მაგრამ ამავდროულად, ყველაზე სკეპტიკური ეჭვებიც კი გააქარწყლა, რადგან მასალების უმეტესობა ავტობიოგრაფიული შინაარსის იყო.

რადიო თავისუფლება: სწორედ ამაზე უნდა ჩაგძიებოდით - რამდენად უეჭველია თქვენი მტკიცება? და რა რეაქცია ჰქონდა MI6-ს – უარყო, აღიარა თუ კომენტარი არ გააკეთა?

ენდრიუ იერინგი: ასეთ სენსიტიურ ამბავს არასოდეს გამოვაქვეყნებდით, აბსოლუტურად დარწმუნებულები რომ არ ვყოფილიყავით, რომ სიმართლეს ვწერდით. რამდენიმე, სხვადასხვა გზით დავადგინეთ ბაბუის ვინაობა და უამრავმა ექსპერტმა დეტალურად გადაამოწმა ყველაფერი. და როცა ჩვენ საბოლოდ დავრწმუნდით, MI6-ს მაქსიმალურად დიდი დრო დავუთმეთ პასუხისთვის. და სანამ მათ პასუხს ველოდებოდით, თვითონაც თითქმის მთელი კვირა ვცდილობდით, საკუთარ გამოძიებაში შეცდომა, ან სუსტი წერტილი გვეპოვა – ვქექავდით პოლონურ არქივებს ბრიტანეთში, ვიძიებდით დამატებით მასალებს უკრაინასა და გერმანიაში. მალევე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვაწოდა ოფიციალური პასუხი, სადაც სრულიად სამართლიანად აღნიშნეს, – და ჩვენც ასე დავწერეთ სტატიაში, – რომ ქალბატონ ბლეიზს თავისი ბაბუა არც უნახავს და არც იცნობდა.

რადიო გამოძიება: სტატიას გამოუჩნდნენ კრიტიკოსებიც, ვინც ჩათვალა, რომ ამ ამბით, პირველ რიგში რუსული პროპაგანდა ისარგებლებს. იმ ფონზე, რომ უკვე რუსულ და ბელარუსულ მედიაშიც აქტიურად „ატრიალებენ“ ამ ამბავს, როგორია თქვენი კონტრარგუმენტი?

ენდრიუ იერინგი: რა თქმა უნდა, ჩვენც გვაფიქრებდა ეს ამბავი. მაგრამ მალევე გახდა ნათელი, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი ამას მაინც გაიგებდა – ვიცით, რომ ისინიც მუშაობდნენ თავიანთ არქივებში, მით უმეტეს, როცა ბაბუა კარგადაა ცნობილი საბჭოთა ისტორიისთვის. დიდი ალბათობით, მათ ისტორიის ნაწილი მაინც უკვე იცოდნენ და უბრალოდ სწორი მომენტისთვის ინახავდნენ. ამიტომაც იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ეს ამბავი პირველად ბრიტანულ მედიაში გამოქვეყნებულიყო – ბოლომდე და სრულად. წარმოიდგინეთ, პუტინის ხალხი როგორ იზეიმებდა, თვითონ რომ „გაეხეთქათ“ ეს ამბავი? ან რამდენს დაამატებდნენ და დაამახინჯებდნენ? ახლა მათ ეს კოზირი აღარ აქვთ.

ბრიტანეთი ამაყობს იმით, რომ თითქმის 30 წლის შემდეგ რეალური „M“ ჰყავს, მას შემდეგ, რაც ჯუდი დენჩმა ბონდის ფილმებში ეს როლი მოირგო. ყველა ამბობს, რომ ის ზუსტად ის ადამიანია, ვინც ჩვენს ქვეყანას დღეს სჭირდება...

რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს ბლეიზ მეტრეველის კარიერაზე?

ენდრიუ იერინგი: ვფიქრობ, ეს მას, ასე ვთქვათ, თავს აატკივებს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს - ვსაუბრობთ ბრიტანეთის დაზვერვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ოფიცერზე და ეჭვი არ მეპარება, რომ ამასაც გაუმკლავდება. ბრიტანეთი ამაყობს იმით, რომ თითქმის 30 წლის შემდეგ რეალური „M“ ჰყავს, მას შემდეგ, რაც ჯუდი დენჩმა ბონდის ფილმებში ეს როლი მოირგო. ყველა ამბობს, რომ ის ზუსტად ის ადამიანია, ვინც ჩვენს ქვეყანას დღეს სჭირდება – სწორედ ამიტომ შეარჩიეს. ასე რომ, არა, არ ვფიქრობ, რომ ეს მის კარიერას დაამუხრუჭებს. ცხადია, რომ ის ვერ იქნება პასუხისმგებელი ბაბუის ცოდვებზე, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა. პირიქით – ეს შესანიშნავი ამბავია იმაზე, როგორ გაიქცა ნაცისტი კოლაბორაციონისტის ცოლი ქმრისგან ორთვიან ჩვილთან ერთად, როგორ გაიზარდა ის ბავშვი ბრიტანეთში და როგორ ჰყავს დღეს ამ ქვეყანას კადრი, რომელიც გახდა MI6-ის პირველი ქალი ხელმძღვანელი მისი 116-წლიანი არსებობის ისტორიაში. ეს ექსტრაორდინარული ისტორიაა.

რადიო თავისუფლება: უნდა ველოდოთ კიდევ რამეს? განსაკუთრებით დავით მეტრეველზე?

ენდრიუ იერინგი: ოჰ, ეს ამბავი ამით არ მთავრდება. წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. მოდი, ასე ვთქვათ – ქართული კვალიც ჯერ ბოლომდე ამოწურული არ არის...