რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, როცა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლდოვის მოლაპარაკებების დაწყების თარიღად 4 ივლისი დაასახელა - ამ დღეს ევროპა-მოლდოვის პირველი სამიტი იმართება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებიც ამავე დღეს დაიწყება.
4 ივლისი, როგორც მოლაპარაკებების დაწყების თარიღი, მან დაასახელა 26 ივნისს, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე ჩასვლის შემდეგ. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში, ნიკუშორ დანმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ წინა განცხადება "შეცდომა იყო", თუმცა არ აუხსნია, რით იყო ეს შეცდომა გამოწვეული.
სინამდვილეში როდის დაიწყება მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე? - ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი ამ დროისთვის არ არსებობს.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების პროცესთან პრობლემა არ აქვთ, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის იმაზე, მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევები ერთად უნდა იქნეს განხილული თუ ცალ-ცალკე. უკრაინის შემთხვევაში გადაწყვეტილებების მიღებას ართულებს უნგრეთის მუდმივი წინააღმდეგობა, მოლდოვის საკითხის ცალკე დაძვრის იდეას კი მომხრეებთან ერთად, მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.
ასევე ნახეთ უნგრეთის ვეტო ევროკავშირის გაფართოების მოლაპარაკებებს ემუქრებარაც ნამდვილად ცნობილია, ისაა, რომ კიშინიოვში 4 ივლისს მაია სანდუს პირველად ექნება სამიტი ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად - ამ სამიტის დღის წესრიგი ჯერ გამოქვეყნებული არ არის.
სამიტს წინ უსწრებს ევროკავშირის საბჭოს 26 ივნისის დასკვნითი დოკუმენტი, რომელშიც მხარდაჭერილია მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მდგრადობა და ეკონომიკური განვითარება.
„ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას მოლდოვის რესპუბლიკასთან, რათა გააძლიეროს ქვეყნის მდგრადობა და სტაბილურობა იმ ფონზე, როცა რუსეთი მუდმივად ახორციელებს დესტაბილიზაციის გამომწვევ საქმიანობას, მათ შორის ჰიბრიდულ თავდასხმებს, რომელთა მიზანიც ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების შელახვაა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ასევე ნახეთ Reuters: პუტინი მოითხოვს გარანტიას, რომ უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას ნატოში არ მიიღებენ