მისი სიტყვებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილს მარიამ ქვრივიშვილი შეცვლის. ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს. მარიამ ქვრივიშვილი დღემდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.
ასევე ნახეთ ერთი მილიარდერი, 16 მილიონერი - ვინ ხდება დეპუტატი „ქართული ოცნების“ სიიდან?ლევან დავითაშვილი "ქართული ოცნების" მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობაც იკავებდა.
კობახიძის განცხადებით, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მარიამ ქვრივიშვილი. მას იცნობთ ყველა, შესაბამისად, განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. როგორც მოგეხსენებათ, მარიამ ქვრივიშვილი არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, დღემდე ის იკავებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ტურიზმი და ავიაცია. დღეს ფართოვდება მისი საქმიანობის არეალი და დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრის პოზიციაზე ის იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც იყო შესაბამისი დარგების ხელმძღვანელობისას. წარმატებები მინდა ვუსურვო მარიამ ქვრივიშვილს მინისტრის პოსტზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლევან დავითაშვილზე საუბრისას კობახიძემ თქვა, რომ სამინისტროს მართვა ყოველდღიურ, მძიმე რუტინასთან არის დაკავშირებული. "ამ რუტინისგან გათავისუფლება ბატონ ლევანს მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო დიდი წარმატებით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება, ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში და სხვა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ბატონი ლევანი არის განსაკუთრებული, გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ვფიქრობთ, რომ ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას, ინვესტიციების მოზიდვას. წარმატებები მინდა ვუსურვო ბატონ ლევანს ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
ლევან დავითაშვილმა ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წელიწადზე მეტის ხნის განმავლობაში მუშაობისას შეძლო უზრუნველეყო "ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის სტაბილური განვითარება". მან მადლობა გადაუხადა პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელსაც, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც "საშუალება მისცა სხვადასხვა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე ემუშავა". "ეს იყო უნიკალური შანსი, რომელიც ჩემთვის პირადად არის დაუვიწყარი".
მარიამ ქვრივიშვილის სიტყვებით, „მთელი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობისას განვლილი 7 წლის განმავლობაში" დააგროვა, დაეხმარება "გუნდთან ერთად" წარმატებით დაასრულოს მიმდინარე პროექტი და წამოწყება, "ასევე დავსახოთ ახალი გეგმები და განვაგრძოთ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა".
ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა კორუფციის ბრალდებით რომეო მიქაუტაძის დაკავებიდან სამი დღის შემდეგ დატოვა. მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, ხოლო პირველი მოადგილის თანამდებობას - 2022 წლის 30 დეკემბრიდან. ის ამ პოსტზე 2024 წლის 11 თებერვლამდე იყო.
23 ივნისს ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, დაიკითხება თუ არა ლევან დავითაშვილი რომეო მიქაუტაძის საქმეზე. "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა პასუხად განაცხადა, რომ მას ეჭვი არ ეპარებოდა დავითაშვილის პატიოსნებაში, რომელიც ეკონომიკის მინისტრია 2022 წლის თებერვლიდან.
რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. მათი ცნობით, ის 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე, როდესაც სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა, თანამდებობრივ გავლენას „სანაცნობო წრისა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად“.
ასევე ნახეთ პატიმრობა შეუფარდეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილესსუსი აცხადებს, რომ სანაცვლოდ რომეო მიქაუტაძე ენერგოკომპანიებში, ჰესებში იღებდა საწარმოს წილებს, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად სხვა, თავის ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული.
პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის, 2 556 192 ლარის, უკანონო დაუსაბუთებელ ლეგალიზაციას ედავება. ყოფილი მაღალჩინოსნისთვის წაყენებული ბრალი 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მისი გამდიდრების შესახებ საგამოძიებო მასალები მოამზადეს „თავისუფლების მონიტორმა“ და „TV პირველმა“ - მასალებში საუბარი იყო არადეკლარირებულ ქონებაზე.
23 ივნისს რომეო მიქაუტაძეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.