საერთაშორისო მედია: ირანმა დაიწყო აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა ახლო აღმოსავლეთში

სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, ირანმა დაიწყო ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ ბაზებზე თავდასხმა.

"როიტერსის" ცნობით, ირანიდან შესაძლო თავდასხმის მოლოდინში, 23 ივნისს საღამოს, ერაყში აქტიური მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდა აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზა.

სააგენტოები იუწყებიან, რომ კატარის დედაქალაქ დოჰას თავზე აფეთქებების ხმა ისმის. "ფრანს პრესის" რეპორტიორების ინფორმაციით, რამდენიმე აფეთქება იყო, მათ შორის - დოჰას ცენტრსა და ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში. აფეთქებებზე იუწყება "ასოშიეიტედ პრესიც".

"აქსიოსის" ცნობით, რომელიც ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს ეყრდნობა, ირანმა ექვსი რაკეტა გაისროლა დოჰას მიმართულებით. ისინი აგრეთვე აცხადებენ, რომ ირანმა რაკეტები ესროლა ერაყში მდებარე ამერიკულ ბაზებსაც.

აშშ-ის ხელისუფლების მაღალჩინოსნის თანახმად, თეთრი სახლი და თავდაცვის დეპარტამენტი ფლობდნენ ინფორმაციას კატარში მდებარე ალ-უდეიდის ბაზის მიმართ არსებულ საფრთხეებზე და ინტენსიურად ადევნებდნენ თვალს მოვლენათა განვითარებას.

"ფოქს ნიუსიც" იუწყებოდა, რომ კატარში მდებარე ალ-უდეიდის ბაზაზე თავდასხმა გარდაუვალი იყო. ირანის იგივე გეგმაზე ავრცელებდა ცნობას "ბიბისიც".

ასევე ნახეთ კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის თავდასხმაზე: თავდასხმას დაშავებულები და მსხვერპლი არ მოჰყოლია

გასულ კვირაში გამოცხადდა, რომ აშშ-მა აღნიშნული ბაზიდან გაიტანა ტექნიკა და გაიყვანა სამხედროები.

ორშაბათსვე კატარმა გამოაცხადა საჰაერო სივრცის დროებით ჩაკეტვის შესახებ. მანამდე კი აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებმა თავიანთ მოქალაქეებს კატარის დატოვებისკენ მოუწოდეს.

ალ-უდეიდის საჰაერო ბაზა ყველაზე დიდი ამერიკული სამხედრო ბაზაა ახლო აღმოსავლეთში. ეს ბაზა აშშ-ის ცენტრალური სამეთაურო ბაზის ფუნქციას ასრულებს და იქ დაახლოებით ათი ათასი ამერიკელი სამხედრო მსახურობს.

ასევე ნახეთ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია, ირანი აშშ-ის და ისრაელის დასჯას მოითხოვს