NYT-ის ცნობით, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც ბუნკერში იმალება, მემკვიდრეებს ირჩევს

აითოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, რომელიც ისრაელის საჰაერო დარტყმებს ბუნკერში ემალება, თავისი სიკვდილის შემთხვევაში, შემცვლელად სამი მაღალი რანგის სასულიერო პირის კანდიდატურა შეარჩია.

ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, The New York Times ავრცელებს.

86 წლის ხამენეიმ ირანის ექსპერტთა ასამბლეას, რომელიც ირჩევს ქვეყნის უზენაეს ლიდერს, დაავალა, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან სწრაფად შეარჩიოს მემკვიდრე.

ჩვეულებრივ, ახალი უზენაესი ლიდერის დანიშვნის პროცესს შეიძლება თვეები დასჭირდეს, თუმცა ირანულმა წყაროებმა NYT-ს განუცხადეს, რომ ეს პროცესი შესაძლოა დაჩქარდეს ქვეყანაში ომის გამო.

თავისი პოტენციური მემკვიდრეების გარდა, ხამენეიმ რამდენიმე კანდიდატი შეარჩია, სამხედრო სარდლობის ჯაჭვის შესანარჩუნებლადაც - მისი თანაშემწეების გარდაცვალების შემთხვევაში.

გამოცემა წერს, რომ ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი თავის მეთაურებთან ძირითადად სანდო თანაშემწის მეშვეობით ურთიერთობს, მან შეწყვიტა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება, რათა მისი კვალის პოვნა გართულდეს - განუცხადა NYT-ს სამმა ირანელმა ოფიციალურმა პირმა.

აიათოლას ხელშია კონცენტრირებული ქვეყანაში ყველანაირი ძალაუფლება - სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოები, ასევე ირანის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა.

ასევე ნახეთ “მოთმინება იწურება” - დაარტყამს თუ არა აშშ ირანს? - მსოფლიო მოლოდინშია
ასევე ნახეთ ხამენეი აშშ-ის მიერ ურანის გამდიდრების შეწყვეტის მოთხოვნაზე: დიდი შეცდომაა