დააკავეს აქტივისტი ნინო დათაშვილი

კადრი ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს აქტივისტი ნინო დათაშვილი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

9 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოიეში შეხლა-შემოხლა მოხდა აქტივისტ ნინო დათაშვილსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის. მანდატურები ნინო დათაშვილს სიტყვიერად აიძულებდნენ, დაეტოვებინა ადგილი, სადაც, მათი განცხადებით, დგომა აკრძალული იყო სასამართლოს მითითებით. ამას ნინო დათაშვილის მხრიდან თავდაპირველად სიტყვიერი წინააღმდეგობა მოჰყვა.

ასევე ნახეთ აქტივისტ ნინო დათაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - სასამართლოში მომხდარი ინციდენტის გამო

ინციდენტის ამსახველ ვიდეოშიც ჩანდა, რომ ნინო დათაშვილი სასამართლოს შენობიდან რამდენიმე მანდატურმა იძულებით გაიყვანა.

აქტივისტისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე. ამ ქმედების ჩადენა არაერთგზის, ჯგუფურად, არასრულწლოვანის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.