ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამკრძალავი კონვენციიდან გასვლას. მიზეზი რუსეთიდან მომავალი საფრთხეა

ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გასვლას ოტავის კონვენციიდან, რომელიც კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას. მიზეზად მეზობელი რუსეთის მიერ შექმნილ სამხედრო საფრთხეს ასახელებენ.

ფინეთი შეუერთდა რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირისა და ნატოს სხვა წევრებს - ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთსა და პოლონეთს, - რომლებმაც ხელშეკრულება ასევე დატოვეს ან გეგმავენ მის დატოვებას.

პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა, რომელიც ხელმძღვანელობს ფინეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, დაიცვა ეს ნაბიჯი და თქვა: „რეალობა საბოლოო ჯამში ის არის, რომ მეზობელ ქვეყნად გვყავს აგრესიული, იმპერიალისტური სახელმწიფო, სახელად რუსეთი, რომელიც თავად არ არის ოტავის ხელშეკრულების წევრი და რომელიც თავად იყენებს ნაღმებს დაუნდობლად“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ რატომ არ ეშინია ფინეთს რუსეთის? რუსეთი ფინეთის საზღვართან ჯარს აგროვებს

რუსეთმა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები უკრაინაში შეჭრისას გამოიყენა.

ნატოს წევრი ფინეთი, რომელიც რუსეთთან 1340 კმ სიგრძის საზღვარს იზიარებს, ​ნაღმების მარაგის შექმნას შეძლებს კონვენციის სხვა წევრებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ ოფიციალური შეტყობინებიდან ექვსი თვის შემდეგ.

ორშაბათს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, დაიცვან არსებული ხელშეკრულებები და დაუყოვნებლივ შეაჩერონ კონვენციიდან მათი გასვლისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი.

გუტერეშის შეშფოთების საპასუხოდ, ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების დატოვების მიზანი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაა. „ჩვენი პრიორიტეტი რუსული საფრთხისგან დაცვაა“, - თქვა მან.