კიევზე რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევა 17 ივნისს განხორციელდა.
დღეს, 18 ივნისს დილის რვიდან ცხრა საათამდე უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობები ჯერ ხუთი, შემდეგ კი კიდევ ერთი ცხედრის აღმოჩენის შესახებ.
18 ივნისის დილის ცხრა საათისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, კიევში სულ 22 ადამიანი დაიღუპა და 134 დაშავდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპიკერმა სვეტლანა ვოდოლაგამ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას" განუცხადა, რომ 17 ადამიანი დაიღუპა კიევის სოლომენსკის რაიონში სახლის ერთი სადარბაზოს ნგრევის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა დარნიცკის რაიონში, 1 დაჭრილი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დღეს კიევში გლოვაა გამოცხადებული.
განახლება: დილის 10 საათისთვის კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ სახლის განადგურებული სადარბაზოს ნანგრევებში მაშველებმა კიდევ ერთი, მე-18 ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა საერთო რიცხვი 23-მდე გაიზარდა.
განახლება: მაშველებმა სახლის ნანგრევებში იპოვეს კიდევ ერთი ცხედარი. კიევში დაღუპულთა საერთო რიცხვი 24-მდე გაიზარდა.
განახლება: დღის 12 საათის შემდეგ კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია სახლის ნანგრევებში კიდევ ორი ცხედრის პოვნის შესახებ.
მაშველებს ტერიტორიიდან გააქვთ კიევზე რუსეთის ჯარების დარტმის შედეგად 17 ივნისს განადგურებული სახლის დაღუპული მობინადრის ცხედარი.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, 17 ივნისს რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მასირებული შეტევისას გამოიყენეს 440 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 280-მდე დამრტყმელი „შაჰედი“ და სხვადასხვა ტიპის 32 რაკეტა.
დარტყმის მთავარი სამიზნე იყო უკრაინის დედაქალაქი კიევი. შეტევას მსხვერპლი მოჰყვა ოდესაშიც.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ჩამოაგდეს 239 რუსული დრონი და 23 რაკეტა, კიდევ 166 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მორიგ მასირებულ შეტევას „ტერორიზმი“ უწოდა. ზელენსკის განცხადებით, მთელი მსოფლიო, აშშ და ევროპა უნდა რეაგირებდნენ ისე, როგორც ცივილიზებული საზოგადოება რეაგირებს ტერორისტებზე.
ასევე ნახეთ G7-ის ლიდერთა სამიტზე ვერ მიიღეს ერთობლივი განცხადება უკრაინის შესახებ - მედია