ისრაელის არმიის ცნობით, ირანში ლიკვიდირებულია ცენტრალური შტაბის ახალი მეთაურიც

ფოტო არქივიდან. ირანის არმიის გენერალი ალი შადმანი

ისრაელის თავდაცვის არმიამ დღეს, 17 ივნისს განაცხადა, რომ თეირანზე მორიგი დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია ირანის ცენტრალური შტაბის (საჰაერო თავდაცვის ძალების შტაბი) ახალი მეთაური ალი შადმანიც.

გენერალ-მაიორი შადმანი ცენტრალური შტაბის უფროსად მას შემდეგ დაინიშნა, რაც 13 ივნისს, ირანის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა ამ შტაბის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი რაშიდი. 13 ივნისს დაიღუპნენ ირანის არმიის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებიც.

ისრაელის არმიის მიერ 17 ივნისს გავრცელებული ცნობით, გასულ ღამით ლიკვიდირებული ალი შადმანი ცოცხლად დარჩენილი სამხედრო მაღალჩინოსნებიდან ირანის უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან ყველაზე დაახლოებული პირი იყო და როგორც შეიარაღებული ძალების, ისე გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელობა ჰქონდა დავალებული.

ირანს გენერალ შადმანის სიკვდილი ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

ასევე ნახეთ G7: ირანი რეგიონული არასტაბილურობისა და ტერორის ძირითადი წყაროა
  • ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
  • პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
  • ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.
ასევე ნახეთ ისრაელ-ირანის მზარდი კონფლიქტის ფასი - მშვიდობიანი მოსახლეობა ორივე მხარეს