ოპოზიციური საპარლამენტო ბლოკის, „მაქვს პატივი“ („პატივ უნემ“), ლიდერმა, ჰაიკ მამიჯანიანმა აზერბაიჯანის ისრაელთან მჭიდრო სამხედრო კავშირებზე მიუთითა და განაცხადა:
„თუ რეგიონში არსებობს მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი, აზერბაიჯანს შეუძლია გამოიყენოს ეს შესაძლებლობა... სომხეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი აგრესიის დასაწყებად“.
„ამ ტურბულენტურ ვითარებაში, აზერბაიჯანის, ასევე თურქეთის რიტორიკა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა გეღამ მანუკიანმა, ოპოზიციური პარტია „დაშნაკცუთიუნის“ („სომხეთის რევოლუციური ფედერაციის“) ერთ-ერთმა ლიდერმა.
ისრაელ-ირანის მზარდი კონფლიქტის ფასი - მშვიდობიანი მოსახლეობა ორივე მხარეს
მანუკიანმა აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედრო კამპანიას დაემთხვა ნახიჩევანში თურქეთ-აზერბაიჯანის მიმდინარე სამხედრო წვრთნები. 16 ივნისს ამავე საკითხზე გამოთქვა „დაშნაკცუთიუნის“ კიდევ ერთმა ლიდერმა, იშხან საღათელიანმა.
„და გადადგეს ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა შესაბამისი ნაბიჯები [აზერბაიჯანის თავდასხმის] თავიდან ასაცილებლად? არა ვარ დარწმუნებული, რომ ასეა“, - განუცხადა საღათელიანმა ჟურნალისტებს.
ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არ გააუქმა ვიზიტი პრაღაში - იგი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
ამასთან, პრაღაში იმ კონფერენციაზე, სადაც ფაშინიანი იმყოფება, აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენელმა, - პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჰიკმეთ ჰაჯიევმა, - კიდევ ერთხელ ისაუბრა „ზანგეზურის დერეფნის“ „აუცილებლობაზე“.
ასევე ნახეთ ერდოანი კვლავ საუბრობს „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნის საჭიროებაზე ასევე ნახეთ “რუსეთი კავკასიიდან არსად წასულა” - იუჯინ კოგანი უსიტყვო შეთანხმებაზე მოსკოვს, ანკარასა და ბაქოს შორისსომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა პარასკევს განაცხადა, რომ ერევანს „არანაირი ინფორმაცია არ აქვს“ აზერბაიჯანის შესაძლო სამხედრო აგრესიის შესახებ.
სომხეთმა პარასკევსვე დაგმო ისრაელის დარტყმები ირანის მიმართულებით და მას სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწვეტისკენ მოუწოდა.
უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ „რაც მოხდა, წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ ირანისთვის ან ახლო აღმოსავლეთისთვის, არამედ სომხეთისთვისაც“.
„ეს არის ირანის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება რეგიონზე და ესკალაცია, ბუნებრივია, არანაირ სარგებელს არ მოუტანს რეგიონის ქვეყნებს. ვიმედოვნებთ, რომ საკითხის რაც შეიძლება მალე მშვიდობიანი გზით მოგვარება შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა მან.
არმენ გრიგორიანი, უსაფრთხოების საბჭოს მდიანი
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ირანის გავლით სომხური ტვირთის გადაზიდვას პრობლემები შეექმნა. ირანი, საქართველოსთან ერთად, სომხეთისთვის არის საკვანძო მეზობელი, რომლის მეშვეობითაც დანარჩენ სამყაროსთან სახმელეთო სავაჭრო კავშირებს ამყარებს.
ირანი სომხეთის რიგით მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, - რუსეთის, ჩინეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების შემდეგ. სომხეთ-ირანის ვაჭრობამ 2024 წელს 730 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სომხეთი ირანისგან ძირითადად საწვავს, სამშენებლო მასალა და ფეროშენადნობებს იღებს.
„სომხეთი ამჟამად საკმაოდ შემაშფოთებელი პრობლემების წინაშეა ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით“, - ეუბნება რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს ეკონომისტი სურენ პარსიანი. პრობლემები შექმნილია საქართველო-რუსეთის საზღვარზეც, რუსეთში მიმავალ ტვირთზე.
ასევე ნახეთ სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ერევანს თბილისისგან არ მიუღია განმარტება კონიაკის ტრანზიტის გაჭიანურებაზე
ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 16 ივნისის დილისთვის ისრაელში დაღუპულია 24 ადამიანი და დაჭრილია 592.
ისრაელის თავდაცვის არმიის თანახმად, ოთხ დღეში ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა 370 ბალისტიკური რაკეტით და ასეულობით დრონით, რომელთა დიდი უმრავლესობა მოგერიებულია. ირანის მხრიდან დარტყმებს ნგრევა მოჰყვა ისრაელის არაერთ ქალაქში.
ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის არმიის ავიადარტყმების შედეგად, 16 ივნისის დილის მდგომარეობით, დაღუპულია 224 ადამიანი და დაჭრილია 1481 ადამიანი. თეირანის თანახმად, მოკლულთა დიდი უმრავლესობა სამოქალაქოა.
ასევე ნახეთ „რაკეტები გამოშვებულია“ - რას გვიყვებიან ქართველები ისრაელსა და ირანში