ისრაელის ავიაციამ ყველაზე შორეული დარტყმა განახორციელა ირანში

ირანული სააგენტო NourNews იუწყება, რომ მეშხედში საღამოს სულ მცირე ორი აფეთქება მოხდა, ერთ-ერთი მათგანი აეროპორტში. აფეთქების შედეგად გაჩნდა ხანძარი.

ისრაელის ავიაციამ დაარტყა საწვავის შემავსებელ ირანულ თვითმფრინავს მეშხედის აეროპორტში, რომელიც მდებარეობს ირანის აღმოსავლეთ ნაწილში. ამის შესახებ 15 ივნისის საღამოს განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (ცახალი).

"ცახალი" აღნიშნავს, რომ 13 ივნისს დაწყებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ეს იყო ყველაზე შორეული იერიში, რომელიც ისრაელის სამხედროებმა ირანის წინააღმდეგ განახორციელეს. მეშხედი ისრაელიდან დაახლოებით 2300 კილომეტრით არის დაშორებული და მდებარეობს თურქმენეთისა და ავღანეთის სიახლოვეს.

ირანული სააგენტო NourNews იუწყება, რომ მეშხედში საღამოს სულ მცირე ორი აფეთქება მოხდა, ერთ-ერთი მათგანი აეროპორტში. აფეთქების შედეგად გაჩნდა ხანძარი.

გარდა ამისა, ისრაელმა განაგრძო თავდასხმები ირანის სამხედრო ხელმძღვანელობასა და იმ პირებზე, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამაში არიან ჩართული.

ასევე ნახეთ დონალდ ტრამპი: "მალე გვექნება მშვიდობა ისრაელსა და ირანს შორის!"

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, Fox News-თან საუბარში, განაცხადა, რომ დაიღუპნენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი მოჰამად კაზემი და მისი მოადგილე ჰასან მოჰაკეკი. როგორც Iran International-ი იუწყება, ორივე სამხედრო დაიღუპა თეირანში დაზვერვის სამსახურის შენობაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, ისინი ნანგრევებში მოყვნენ.

Reuters-ის წყაროების თანახმად, ისრაელის თავდასხმების, მათ შორის, დანაღმული ავტომობილების აფეთქებების შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 14 მეცნიერი.

ამავდროულად, Reuters იტყობინება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო დღეებში ვეტო დაადო ისრაელის გეგმას, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესახებ. ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა ცახი ხანეგბიმ ისრაელის მე-12 არხის ეთერში განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"პოლიტიკურ ლიდერებს იმუნიტეტი არ გააჩნიათ", - თქვა მან.

ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები 13 ივნისს დაიწყო, მათი სამიზნე იყო ბირთვული, სამხედრო და ენერგეტიკული ობიექტები. პასუხად ირანმა ისრაელზე სარაკეტო და დრონებით მიიტანა იერიში.

ბოლო მონაცემებით, ისრაელის დარტყმების შედეგად ირანში დაახლოებით 140 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, მაღალი რანგის სამხედროები. ირანის იერიშების შედეგად კი ისრაელში, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია 15 ადამიანი.