ანექსირებული ყირიმიდან იუწყებიან დრონებით მასირებული შეტევის შესახებ

საილუსტრაციო ფოტო. სევასტოპოლთან მდებარე დასახლებულ პუნქტ კაჩაზე, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს, დრონებით შეტევა იყო 2025 წლის 2 მაისს

13 ივნისს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სხვადასხვა რაიონში. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები სამხედრო ობიექტებზე უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდნენ.

სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, აფეთქებები იყო სიმფეროპოლის, სევასტოპოლის, ფეოდოსიის, ალუშტის და სხვა რაიონებში.

მათ შორის ქალაქ სევასტოპოლთან მდებარე დასახლებულ პუნქტ კაჩაში, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს. ტელეგრამ-არხ „კრიმსკი ვეტერის“ ინფორმაციით, აფეთქებები იყო სიმფეროპოლის რაიონის დასახლებულ პუნქტ პერევალნოეშიც, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სანაპირო დაცვის 126-ე ბრიგადა და მე-8 საარტილერიო პოლკი არიან დისლოცირებული.

ანექსირებული ყირიმის ამ ორ დასახლებულ პუნქტში მდებარე სამხედრო ობიექტებზე დრონებით შეტევა იყო 2025 წლის მაისშიც.

დღევანდელი შეტევის შესახებ უკრაინას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

ასევე ნახეთ შორი მოქმედების Taurus-ები ყირიმის თავზე - რომელი ობიექტები ექცევა უკრაინის არმიის სამიზნეში?

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამიდან დღეს დილამდე ყირიმის თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 70 უპილოტო საფრენი აპარატი. თავდაცვის სამინისტრო ხმელეთზე შედეგების შესახებ არაფერს იუწყება.

უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.