საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა არ ემხრობა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. კითხვა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო ცვლილების შესახებ მას ჟურნალისტებმა მას შემდეგ დაუსვეს, რაც 11 ივნისს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა თქვა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობს, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმებას დაუჭირონ მხარი.
ასევე ნახეთ პოლონეთი გერმანიასთან საზღვარზე ნაწილობრივი კონტროლის დაწესებას, ზოგიერთი ქვეყნისთვის და საქართველოსთვისაც უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას აპირებსევროკავშირის ელჩი განმარტავს, რომ არაერთი თვეა, რაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს დისკუსია იმაზე, რა უნდა იყოს ევროკავშირის სათანადო პასუხი საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება ამ დისკუსიებში "კიდევ ერთი მოსაზრებაა". პაველ ჰერჩინკის თქმით, ამ დრომდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეცვლის მოწინააღმდეგეა, რადგან ეს არა იმდენად ხელისუფლებას, რამდენადაც მოქალაქეებს შეუქმნის პრობლემებს.
„ჩვენ არ გვინდა, ჩვეულებრივმა ადამიანებმა გადაიხადონ ფასი იმ გადაწყვეტილებებისთვის, ქმედებებისა და კანონმდებლობისთვის, რომლებიც მიღებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ. ამიტომ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა“, - თქვა ჰერჩინსკიმ. ის დღეს საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ესწრება და სწორედ იქ განაცხადა ეს.
პოლონეთის პრემიერის ინიციატივაზე დღეს კომენტარი გააკეთა შალვა პაპუაშვილმაც. მან ტუსკის ნათქვამი განმარტა, როგორც "სხვა ხალხის გამოყენება პოლიტიკურ ინსტრუმენტად".
"პრემიერ ტუსკს პოლონეთის პარლამენტში ჰქონდა ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კენჭისყრა და იმის გამო, რომ მას რამდენიმე ხმით მეტის გარანტია ჰქონოდა, მოხდა ქართველი ხალხის და ქართული თემის გამოყენება პოლიტიკური მიზნით და კონსერვატორულ ხაზზე დაჯდომის მცდელობა. ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, როგორ იოლად წირავენ ხოლმე ქართველ ხალხს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. მოყვანა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველები რამეს აშავებენ პოლონეთში ან ბევრი არიან და ა.შ. არასერიოზულია. შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა მათ შორის პოლონეთში უცხოელი მიგრანტების ქცევიდან გამომდინარე და მათ შორის ნახავთ პოლონეთის მეზობელ ქვეყანას, რომელიც რაოდენობრივად და სხვადასხვა დარღვევებიდან გამომდინარე სტატისტიკურად უფრო მეტია", - თქვა შალვა პაპუაშვილმა 12 ივნისს პარლამენტში მედიასთან კომენტარში.
პოლონეთის პრემიერის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემაც. მან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარს შანტაჟი და მუქარა უწოდა, რაც, მისივე შეფასებით, საქართველოში ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად არ აისახება.
"ვფიქრობ, ეს არის შანტაჟი, შანტაჟი, რომელიც არის გათვლილი იმაზე, რომ შეიძლება პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში. თუმცა რეალურად ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე", - თქვა მან.