რუსეთმა „ტერაქტებზე პასუხი“ უწოდა უკრაინაზე დღევანდელ მასირებულ შეტევას

რუსეთის ჯარებმა 6 ივნისს რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, მათ შორის კიევზე

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაზე 6 ივნისს განხორციელებული მასირებული შეტევის სამიზნე სამხედრო ობიექტები იყო და არაფერს ამბობს სამოქალაქო ობიექტების ნგრევასა და მსხვერპლზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, „კიევის რეჟიმის ტერორისტულ აქტებზე პასუხად“, გასულ ღამით „საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ბაზირების შორი მანძილის მაღალი სიზუსტის იარაღით“ და უპილოტო საფრენი აპარატებით „მასირებული დარტყმა“ მიაყენეს კონსტრუქტორთა ბიუროს, იარაღის და სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ და სარემონტო ქარხნებს, დრონების ამწყობ საამქროებს, პირადი შემადგენლობის მომზადების ცენტრებს და იარაღის საწყობებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დარტყმის კონკრეტულ ადგილებს არ ასახელებს და ირწმუნება, რომ ყველა სამიზნე განადგურებულია.

კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვს მოსკოვში დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იყო თუ არა უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევა ის პასუხი, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას. „თუ ყურადღებით წაიკითხეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, იქ წერია: კიევის რეჟიმის ტერორისტული აქტების პასუხად“, - იყო პესკოვის პასუხი.

4 ივნისს ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მოიყვანა მისი სიტყვები, რომ იძულებული იქნება, რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე ბოლოდროინდელ თავდასხმებს უპასუხოს. უკრაინამ რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე იერიში 1 ივნისს მიიტანა.

ასევე ნახეთ უკრაინამ რუსეთს 4 აეროდრომზე 41 სამხედრო თვითმფრინავი დაუზიანა - გენერალი მალიუკი
ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთში ორ სამხედრო აეროდრომს დაარტყეს

რუსეთის ჯარებმა 6 ივნისს, შუაღამის შემდეგ რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, კიევში დაიღუპა სამი მაშველი, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. ქვეყნის მასშტაბით დაშავდა 50-მდე ადამიანი. დანგრეული ან დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები, მეტროს და რკინიგზის ინფრასტრუქტურა და ელექტროგადამცემი ხაზები.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 407 უპილოტო საფრენი აპარატით და 45 რაკეტით. სარდლობის თანახმად, მოგერიებულია 199 დრონი და 36 რაკეტა.

ასევე ნახეთ კიევის გარდა, რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო ლვოვზე, ტერნოპოლსა და ლუცკზე
ასევე ნახეთ სამი მაშველი დაიღუპა კიევზე რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევისას